ახალი ამბები

დაზარალებულთა თანხმობის დათქმა ამნისტიის კანონპროექტში — ოპოზიციის ინიციატივა

21 აპრილი, 2021 •
დაზარალებულთა თანხმობის დათქმა ამნისტიის კანონპროექტში — ოპოზიციის ინიციატივა

ოპოზიცია 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიაში დაზარალებულთა თანხმობის მექანიზმის ჩადებაზე საუბრობს.

პარლამენტის არჩეული დეპუტატის, სალომე სამადაშვილის თქმით, მისი და ბევრი კოლეგის აზრია, რომ პოლიციელების შემთხვევაში ამნისტიას დაემატოს დაზარალებული მხარის თანხმობის დათქმა. სამადაშვილის თქმით, აღნიშნულზე მსჯელობა საპარლამენტო განხილვებისას შედგება.

“ლელოს” წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღებული შეთანხმება ვერ გააუქმებს კონსტიტუციას, შესაბამისად, საუბარი ვერ იქნება მთელი რიგ დანაშაულების ამნისტირებაზე, რომელიც მიემართება სიცოცხლის უფლების ხელყოფას, არაადამიანური მოპყრობის აკრძალვას და ა.შ.

“ქვეყნის შიგნითაც და საერთაშორისო სამართალიც ნათლად გვეუბნება, რომ ამ უფლებების ხელყოფისთვის ამნისტია არის აკრძალული. მათ შორის ამაზე არსებობს საქართველოში ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები”, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

20 ივნისის საქმეზე ამჟამად ბრალი 3 პოლიციელს აქვს წარდგენილი. გამოძიება მათ ედავება არა  არაადამიანურ მოპყრობას, არამედ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს — სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გადამეტებით.

“საუბარი დაიწყო სამ პოლიციელზე. ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თუ საუბარი დაიწყება ამ სამი ადამიანის ამნისტირებაზე, ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ეს იყოს სამართლებრივად და მორალურად გამართლებული, არის, ამ პროცესში შემოვიდნენ დანაშაულით დაზარალებული ადამიანები. ამ ადამიანებს ჩვენ  ვერ მოვეპყრობით როგორც ობიექტებს, ისინი უნდა შემოვიდნენ ამ პროცესში თავისი ღირსებით, უფლებებით და მხოლოდ მათი თანხმობით შეიძლება საუბარი დავიწყოთ ამ სამი ადამიანის ამნისტირებაზე”, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

იგი მიუთითებს მეათე მოწვევის პარლამენტის მიერვე მიღებულ ამნისტიაზე, რომელიც დაზარალებულების თანხმობით მოხდა.

“ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს უმნიშვნელოვანესი, უმძიმესი დარტყმები 20 ივნისის ღამეს, ჩვენ მათ ვერ მოვეპყრობით როგორც ობიექტებს. ისინი არიან ამ პროცესის სუბიექტები . მათი ღირსება და მათი უფლებები ამ პროცესში არის მთავარი”, — დასძინა ნაცვლიშვილმა.

შალვა შავგულიძის აზრით, სამომავლოდ ამნისტია მხოლოდ 333-ე მუხლის მესამე ნაწილზე გავრცელდება.

“თუ ხვალ, ზეგ, ერთი წლის შემდეგ სახლემწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის დანაშაული დადგინდება, ამ ფაქტთან დაკავშირებით მას დაეკისრება პასუხისმგებლობა. მაგრამ ვინმეს კიდევ თუ დაუდგინდება ბრალი 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, იმას შეეხება ამნისტია”, – აცხადებს შავგულიძე.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიატორობით მომზადებული შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, უნდა განხორციელდეს ამნისტია, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება. ამნისტიის კანონპროექტის ინიცირება 26-30 აპრილის პლენარული სხდომების კვირაში იგეგმება.

“ქართულ ოცნებაში” პირდაპირ აცხადებენ, რომ ამნისტიის აქტი უნდა შეეხოს როგორც ნიკა მელიას და აღნიშნულ საქმეზე ძალადობაში ბრალდებულ სხვა პირებს, ასევე, სამართალდამცავებს, რომელთა შესაძლო გადაცდომებსაც ჰქონდა ადგილი.

ოპოზიციური პარტიები კი, რომლებიც შეთანხმებას აწერენ ხელს, ამბობენ, რომ ეს უნდა იყოს დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მხარეების შეთანხმების საკითხი და აღნიშნავენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ამნისტია იმ მუხლებს არ შეეხოს, რომელიც სამოხელეო გადაცდომებს შეეხება.

საია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.

საია ხაზგასმით განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზული დანაშაულების მიმართ, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს. რადგან, მათი თქმით, მსგავსი ქმედება აბრკოლებს ამგვარ დანაშაულებზე წარმოებულ გამოძიებას და, ამავდროულად, იწვევს პასუხისმგებელ პირთა დაუსჯელობას. ასეთი შედეგი კი არასათანადო მოპყრობის აკრძალვით შექმნილ დაცვის გარანტიებს ილუზორულად აქცევს და, იმავდროულად, მსუსხავი ეფექტი აქვს პირთა მიერ შეკრების ან/და გამოხატვის თავისუფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობის კუთხით.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამნისტიის გამოყენება იმ პირების მიმართ, რომლებმაც არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები ჩაიდინეს (იმის მიუხედავად, ეროვნულ დონეზე გამოძიება სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს თუ არა), კონვენციის მე-3 მუხლს ეწინააღმდეგება.

“გადაშლილი ფურცელი”, თუ “პატიება საკუთარი თავისთვის” – რას ნიშნავს 20 ივნისის ამნისტია

მასალების გადაბეჭდვის წესი