პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ თუ 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციასთან პოზიციები ვერ დაახლოვდა, მაშინ მმართველი პარტია კანონპროექტს თავად დაარეგისტრირებს.
“ჩვენ გამოვცემთ ამნისტიის აქტს ყველა იმ სტადარტის დაცვით, იმ ტერმინოლოგიით, როგორც ეს არის გაწერილი შეთანხმებაში[…] ამნისტიის აქტი ჩვენ არ დაგვისვამს დღის წესრიგში, ჩვენი არანაირი ინტერესი არ არის ამნისტიის გამოცემა. თუმცა, ვინაიდან ეს არის შეთანხმების საგანი, ჩვენ უპირობოდ მივიღეთ ეს შემოთავაზება[…] ვისურვებ, რომ ეს კანონპროექტი დავაინიციროთ ერთად, თუ დავაახლოებთ პოზიციებს, ჩვენ ამის სურვილი გვაქვს, იქნება ერთი კანონპროექტი. თუ ასეთი არ იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნება” ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს და დააინიცირებს კანონპროექტს”, — განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
27 აპრილს პარლამენტში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტი უნდა დარეგისტრირდეს, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი შეთანხმების დოკუმენტი ითვალისწინებს. დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები და ცალკეული პოლიტიკოსები ამჟამად კანონპროექტზე მუშაობენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შეთანხმების დოკუმენტში ამნისტიასთან დაკავშირებული პუნქტი მხარეებისთვის ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
დოკუმენტის მიხედვით, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.
ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით 25 აპრილს შეხვედრა გაიმართა “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორისაც.