ახალი ამბები

დააკავეს პირები, რომელთაც მოქალაქეებს ფული მოპარეს და ბიტკოინები იყიდეს

23 აპრილი, 2021 • 932
დააკავეს პირები, რომელთაც მოქალაქეებს ფული მოპარეს და ბიტკოინები იყიდეს

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, ქურდობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, “2020 წლის 22 აპრილიდან 21 ივნისის ჩათვლით ბრალდებულებმა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით, ეტაპობრივად დაეუფლნენ 58 დაზარალებულის 73 628 ლარს და უკანონო ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი წარმოშობის დაფარვის მიზნით, აღნიშნული თანხა შპს ,,იმანი ჯორჯიას“ ელექტრონულ საფულეებზე გადარიცხეს და ეტაპობრივად შეიძინეს 41 601 ლარის ოდენობის კრიპტოვალუტა ,,ბიტკოინი“, რითაც შენიღბეს თანხის უკანონო წარმოშობა, დანაშაულებრივად დაუფლებულ თანხას მისცეს კანონიერი სახე და დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღეს”.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევების და ქურდობის ფაქტებზე ბრალდებულებს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ბრალდებულები სამართალდამცავებმა  2020 წლის 16 ივლისს დააკავეს და  პატიმრობა შეეფარდათ.

გამოძიების პროცესში მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (ქურდობის მცდელობა, ჯგუფურად), 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად ორივე ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. ასევე მათ ჩამოერთვათ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება.

მასალების გადაბეჭდვის წესი