ახალი ამბები

სახელმწიფო ზედმეტად გაცემული შემწეობების ლეგალიზაციას აპირებს

22 აპრილი, 2021 • 1169
სახელმწიფო ზედმეტად გაცემული შემწეობების ლეგალიზაციას აპირებს

დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა კანონპროექტები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით ზედმეტად გაცემული სახელმწიფო შემწეობების ლეგალიზაციის და ამ თანხების უკან დაბრუნების ვალდებულებისგან ბენეფიციართა გათავისუფლების საკითხს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის ცნობით, აღნიშნული ცვლილებისთვის ხუნდაძემ კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გაიტანა განონპრეოქტები: „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კომიტეტის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს სამივე კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად წარდგენას.

პარლამენტის განმარტებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების მიხედვით, 2021 წლის პირველ აპრილამდე სხვადასხვა მიზეზით ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა და სოციალური პაკეტი, ზედმეტად გაცემული პენსია და ასევე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია ლეგალიზებულად ითვლება და არ ექვემდებარება დაბრუნებას.

“ამასთანავე, უკვე დაკავებული თანხები, აგრეთვე საარსებო შემწეობის და სოციალური პაკეტის, პენსიის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება. სახელმწიფოს მიმართ ასევე კომპენსაციის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისაგან გათავისუფლდებიან შესაბამისი პირები, რაც ინიციატორთა აზრით, კომპენსაციის მიმღები პირების მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება იქნება კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ფონზე

გარდა ამისა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებასთან”, – წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარლამენტის ცნობით, ხუნდაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ “სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის და სოციალური პაკეტის თანხების ლეგალიზაცია მოხდება და შესაბამისი პირები სახელმწიფოს მიმართ საარსებო შემწეობის და სოციალური პაკეტის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.

სამივე კანონპროექტის შემთხვევაში, პენსიის, კომპენსაციის, სოციალური პაკეტის მიმღები იქნება, საერთო ჯამში, 3223 ბენეფიციარი, ფულადი სოციალური დახმარების მიმღები – 3613 ოჯახი, თანხობრივად ეს არის მილიონ 844 ათას 141 ლარი.

პარლამენტის ცნობით, სამივე კომიტეტის წევრებს კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, თუმცა ასევე აღნიშნეს, რომ აუციელებელია ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლებიც მსგავს შემთხვევებს, “როდესაც ადამიანებს მათგან დამოუკიდებლად უჩნდებათ ფინანსური ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ, მინიმუმამდე დაიყვანს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი