ახალი ამბები

ლესბოსელ წყვილზე თავდასხმაში ბრალდებულს ბრალი შეუწყნარებლობის მოტივით წარუდგინეს

22 აპრილი, 2021 • 938
ლესბოსელ წყვილზე თავდასხმაში ბრალდებულს ბრალი შეუწყნარებლობის მოტივით წარუდგინეს

პროკურატურის ინფორმაციით, ლესბოსელ წყვილზე თავდასხმაში ბრალდებულს ბრალი სექსუალური ორიენტაციის გამო შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის და იძულების, ასევე კომპიუტერულ სისტემაში უნებართო შეღწევის მუხლებით ოფიციალურად წარუდგინა.

გამოძიების ვერსიით, 20 აპრილს თბილისში კაცმა სექსუალური ორიენტაციის გამო შეუწყნარებლობის მოტივით ორ ადამიანს  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, ხოლო ერთ მათგანს დანის სხეულთან ახლოს დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

“ო.ი-მ ასევე პირს, რომელიც მისი კუთვნილი მობილური ტელეფონით ვიდეოგადაღებას ახორციელებდა, მობილური ტელეფონი წაართვა, დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ შეაღწია მასში და მისი მოქმედებების ამსახველი ვიდეოჩანაწერი წაშალა”,-წერია განცხადებაში.

პოლიციამ ბრალდებული გუშინ, 21 აპრილს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 284-ე მუხლის პირველი ნაწილით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

“საქართველოს პროკურატურა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრ პოლიტიკას ატარებს. აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”,-აცხადებენ პროკურატურაში.

21 აპრილს ორგანიზაცია Tbilisi Pride-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში ლესბოსელ წყვილს ჰომოფობურ ნიადაგზე მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით თავს დაესხნენ.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც თავდამსხმელმა გაიგო, რომ ერთ-ერთი დაზარალებული Tbilisi Pride-შია დასაქმებული.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ შემთხვევა 20 აპრილს მოხდა, თავდამსხმელი კი 35 წლის მეზობლად მცხოვრები კაცია. შსს-მ გუშინვე განაცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო- 150-ე (იძულება); 151-ე (მუქარა) და 284-ე (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა). ორგანიზაცია უწყებას მოუწოდებდა გამოეკვეთა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნები.

ვრცლად:

ჰომოფობურ ნიადაგზე ლესბოსელ წყვილს ბავშვის თანდასწრებით თავს დაესხნენ – Tbilisi Pride

მასალების გადაბეჭდვის წესი