ახალი ამბებისამართალი

“ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემ მხარდასაჭერად” — წულაია ოპოზიციას

23 მარტი, 2021 • 2058
“ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემ მხარდასაჭერად” — წულაია ოპოზიციას

პოლიტიკოსი გოგი წულაია გლდანის ციხიდან წერილს ავრცელებს, სადაც თავს “ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად” მოიხსენიებს და ოპოზიციას მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს.

“პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა ითქვას, რომ აქ მთავარი არის ჩემი შეცდომის და გულუპრყვილობის ამბავი, ზედმეტი ნდობის შედეგი. მაშინ, როდესაც მაფრთხილებდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ყველა სფეროს წარმომადგენლები, ასე მარტივად არ უნდა წამოვგებოდი ამ პროკაციას, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არავისთვის ჩემი საქციელით ზიანი არ მიმიყენებია”, – წერს წულაია.

წერილში წულაიამ ასევე აღნიშნა, რომ ის არის “ივანიშვილების ოჯახის პირადი პატიმარი” და ოპოზიციას მიმართა, რატომ არ უჭერენ მხარს ისევე, როგორც გიორგი რურუასა და ნიკა მელიას.

“მივმართავ ოპოზიციის ლიდერებს, პოლიტიკოსებს, იმის შიშით, რომ თურმე ევროპასთან არ დაგასმინოთ ვინმემ, რომ ქალზე მოძალადეს უცხადებენ სოლიდარობასო, ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემი მხარდაჭერისათვის, თუკი ერთხმად ყველა ვთანხმდებით და ვამბობთ, რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი (გამარჯობა, გიორგი მალე ამომწევენ კორპუსზე და გნახავ), მას პოლიციამ მოუწყო პროვოკაცია და ჩაუდო იარაღი და ჩემს შემთხვევაში პოლიციელები იყვნენ „უპატიოსნესები“ და ამ „პატიოსანმა“ პოლიციელებმა სრული დაცვით დამაპატიმრეს, კი ბატონო, ეგრე იფიქრეთ.

ჩვენ ყველა ერთად ვყვირით, რომ საქართველოშ სასამართლიანი სასამართლო არ არებობს და ამის გამო ნიკა მელია (გამარჯობა ნიკა) არის პოლიტპატიმარი. როგორ ფიქრობთ, მე შემხვდა პატიოსანი, უმწიკვლო მოსამართლე და პატიოსნად გამასამართლა?

არ ვიცი, ეს რა ლოგიკააა და თუ ესე არ ფიქრობთ, იქნებ მაღიაროთ ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად და ესეც გაიტანოთ ჩვენს მეგობრებთან, თუ როგორი კატასტროფული სიტუაცია არის ჩვენს ქვეყანაში , პოლიტპატიმრებს პირადი პატიმრებიც დაუმატეს. რა ვიცი, რა ვიცი”, – წერს წულაია.

წულაია რამდენიმე დღის წინ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მოქალაქე ასმათ დვალიშვილი ამბობს, რომ მასზე პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ იძალადა. დვალიშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თვის მიცემულ ინტერვიუში აღწერს, რომ შემთხვევის დროს წულაია არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„წლების მეგობრები ვართ, მეტი თუ არაფერი, მამამჩემისხელა კაცია.. არც მიფიქრია არაფერი ზედმეტი. დალია, ცოტა მოწია კიდეც და გადმოვიდა ძალადობაზე. მერე თავს ვუშველე. დალურჯებული მაქვს ხელები, წელი, ყველაფერი.. სადაც მოახერხა მოწვდომა, ყველაფერი. ვფიქრობ, ეს ერთადერთი შემთხვევა არ იქნებოდა… სადაც მე გამიბედა ამდენი, დარმწუნებული ვარ, სხვა ქალების მიმართაც ექნებოდა სექსუალური ძალადობა.. არავინ გამიბედოს და მითხრას, დაინდეო. არცერთ მოძალადე კაცს არ დავინდობ“, – აცხადებს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი