ახალი ამბები

გვითხრეს, რომ პარასკევს არ გადასცილდება ჩვენს მოთხოვნებზე პასუხი — გოლეთიანი

21 აპრილი, 2021 • 1086
გვითხრეს, რომ პარასკევს არ გადასცილდება ჩვენს მოთხოვნებზე პასუხი — გოლეთიანი

“რიონის ხეობის მცველის”, ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქტივისტებმა სახელმწიფოსგან მიიღეს პირობა, რომ 16 აპრილს, ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე წამოყენებულ მოთხოვნებზე პასუხს მიმდინარე კვირის პარასკევამდე მიიღებენ. გოლეთაინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, “რიონის ხეობის მცველები” ფართომასშტაბიან პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობენ.

გოლეთიანის თქმით, იმერეთის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დაუკავშირდა და ესაუბრა მიზეზებზე, რომელთა გამოც, სახელმწიფოს ვერსიით, ვერ მოხერხდა აქტივისტების მოთხოვნების პრემიერ-მინისტრთან განხილვა და პასუხების დაბრუნება.

“როგორც იცით, ჩვენ გუშინ ფეისბუქ ლაივში ვთქვით, რომ გონივრული ვადა ამოიწურა და უკვე კატეგორიულად ვითხოვდით პასუხს ხელისუფლებისგან. დღეს თავად დამიკავშირდა გუბერნატორი [ზვიად შალამბერიძე] და თქვა ასეთი რაღაც, რომ პრემიერი, [რომელსაც] კოვიდი ჰქონდა… გუშინ გამოვიდა იზოლაციიდან, შემდეგ ბატონ [შარლ] მიშელს შეხვდა.

ამიტომ,მათ არ ჰქონდათ დრო იმისთვის, რომ ეს საკითხები გაევლოთ… მათ თქვეს, რომ დღესვე მოხდება განხილვა პრემიერთან ამ საკითხისა და პარასკევს არცერთ შემთხვევაში არ გადასცილდება მათგან პასუხი. შეიძლება, პარასკევამდეც იყოს, მაგრამ პარასკევს არცერთ შემთხვევაში გადასცილდება”, — აღნიშნავს გოლეთიანი.

მისი თქმით, დრო სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მუშაობს, ვინაიდან საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ ის განგებ აჭიანურებს აქტივისტების მოთხოვნებზე პასუხის დაბრუნებას.

“…თუკი ამას დაემატება კოვიდიდან გამომდინარე შეზღუდვები მიმდინარე კვირაში, ან აიკრძალება საქალაქთაშორისო გადაადგილება და ადამიანებს საშუალება აღარ ექნებათ იმისი, რომ ჩვენამდე მოვიდნენ და თავისუფლად დავგეგმოთ პროტესტი, ეს, ბუნებრივია, გააჩენს განცდას, რომ ხელისუფლებამ შეგნებულად გაწელა დრო, შემდეგ გამოიყენა კოვიდის ფაქტორი და ჩაკეტა ჩვენთვის პროტესტის გაგრძელების შესაძლებლობა. ამას ხედავს კარგად საზოგადოება…  ჩვენ დაველოდებით პარასკევს, თუმცა მკაფიოდ გვინდა ვთქვათ, რომ დრო არ მუშაობს მათზე[სახელმწიფოზე]. პირიქით, საზოგადოებაში იქმნება განწყობები, რომ ამ პროცესის ხელოვნურად გაწელვა ხდება…” ,— დასძინა მან.

აქტივისტებს 3 მოთხოვნა აქვთ: შეწყდეს ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, მოიხსნას გადაადგილების შეზღუდვა და მიეცეთ “რიონის ხეობის მცველებს” სოფელ ნამახვანში დაბრუნების, ასევე, ადგილზე კარვებით პროტესტის გაგრძელების საშუალება.

გოლეთიანმა კვლავ გაიმეორა, რომ თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება და სახელმწიფოსგან პასუხს დროულად არ მიიღებენ, “რიონის ხეობის მცველები’ ფართომასშტაბიან პროტესტს განაგრძობენ.


ხეობაში არსებული დაძაბულობის ფონზე, 16 აპრილს ქუთაისში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებს შეხვდნენ. “რიონის ხეობის მცველებმა” ხსენებული 3 მოთხოვნა სახელმწიფოს სწორედ ამ დღეს წარუდგინეს.

სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მაშინ თქვეს, რომ აქტივისტების მოთხოვნებზე საპასუხოდ რამდენიმე დღეა საჭირო. ამ შეხვედრის შემდეგ სოფელ გუმათის გზაზე პოლიციის მიერ აღმართული რკინის ბარიერების ნაწილი აიღეს, თუმცა გადაადგილება ხეობაში ისევ შეზღუდულია.

გუმათი| გზის სავალი ნაწილიდან რკინის ბარიერები აიღეს, თუმცა გადაადგილება ისევ შეზღუდულია

მასალების გადაბეჭდვის წესი