ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

21 აპრილი, 2021 •
აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს.

საქართველოში მყოფმა მუხთალიმ 8 აპრილს განაცხადა, რომ არ აქვს გამოძიების სამართლიანად ჩატარების მოლოდინი პროკურატურისგან, რადგანაც მიიჩნევს, რომ მის გატაცებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობამ, იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.

ამასთან, მუხთარლი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს მთავრობას აღნიშნული „საქმის შესრულებისთვის ფული გადაუხადა“.

მუხთარლის განმარტებითვე, მას შეუძლია ამოიცნოს საკუთარი გამტაცებლები ფოტოსურათებით.


მუხთარლი – პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის მიერ დევნილი ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს.

მას რამდენიმე მუხლით წარუდგინეს ბრალი; ბრალდებებს შორის იყო საზღვრის უკანონო კვეთა და 10 000 ევროს უკანონოდ გადატანა. მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მუხთარლი თავიდანვე აცხადებდა, რომ გაიტაცეს და ბრალდებები მოგონილი იყო.

მუხთარლის დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას სდებდა ბრალს გატაცების ხელშეწყობაში. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აზერბაიჯანის ხელისუფლებას მის გათავისუფლებას სთხოვდნენ.

მუხთარლის საქმის შემდეგ, თბილისი თანდათანობით დატოვეს აზერბაიჯანელმა სამოქალაქო/პოლიტიკურმა აქტივისტებმა, რომლებიც ილჰამ ალიევის რეჟიმს აკრიტიკებდნენ.

აფგან მუხთარლის ცოლი, გამომძიებელი ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, რომელიც ბოლო წლებში ასევე თბილისში ცხოვრობდა, ქმრის გატაცების შემდეგ არსებული რისკების გამო მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გაემგზავრა.

მუხთარლი, 2020 წლის მარტში ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, საცხოვრებლად ასევე გერმანიაში, ოჯახთან გაემგზავრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი