შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით, ჯამში, 10 ადამიანი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.
“1988 წელს დაბადებულ რ.ა-ს, 1973 წელს დაბადებულ ჰ.ფ-ს, 1996 წელს დაბადებულ ე.ე-ს, 1971 წელს დაბადებულ რ.ე-ს, 1985 წელს დაბადებულ გ.თ-ს და 1996 წელს დაბადებულ ი.ჯ-ს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება ედებათ ბრალად. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება 2001 წელს დაბადებულ ი.ი-სა და 1988 წელს დაბადებულ გ.ა-ს, სამართალდამცველებმა ისინი წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ავტომანქანით გადაჰქონდათ. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“- ნივთმტკიცებად ამოიღო”, – აცხადებენ შსს-ში.
შსს-ს ცნობითვე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილით, ასევე, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ამას გარდა, გამოძიების პროცესში პოლიციამ ნარკოტიკების გაყიდვის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა:
“სამართალდამცველებმა თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო მაგისტრალზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს 1967 წელს დაბადებულ ე.ფ-ს, რომლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და ფული.
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი პირი დააკავა. ბრალდებულის სახით დაკავებულია 1960 წელს დაბადებული ზ.ბ., რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია „ჰეროინის“ შემცველი 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.”