ახალი ამბები

“ვერ მივიღებ ვერანაირ ბრალდებას” – დავით ბაქრაძე გიგა ბოკერიას კრიტიკას პასუხობს

20 აპრილი, 2021 •
“ვერ მივიღებ ვერანაირ ბრალდებას” – დავით ბაქრაძე გიგა ბოკერიას კრიტიკას პასუხობს

“ნამდვილად ვერ მივიღებ ვერანაირ ბრალდებას ამ თემაზე. ძალიან მარტივი შესამოწმებელია, მე რაზე ვსაუბრობდი. მე ავიღე პაუზა პარტიული პოლიტიკიდან, არ ვარ არცერთ პარტიაში და არ ვაპირებ არცერთ პარტიაში შესვლას. მე ვრჩებოდი პოლიტიკაში საერთო ოპოზიციურ ფლანგზე”, – ასე უპასუხა ევროპული საქართველოს ყოფილმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ყოფილი თანაგუნდელის, გიგა ბოკერიას კრიტიკას მის მიერ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერისა და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

“დიახ, მე ვრჩები საერთო ოპოზიციურ ფლანგზე და გუშინდელი დღის შემდეგ პარლამენტი გახდა საერთო ოპოზიციური ფლანგის ნაწილი და ამიტომ ვარ აქ. მე ვიღებდი პასუხისმგებლობას პარტიის მიერ ნაჩვენებ შედეგზე. დიახ, მე ავიღე პასუხისმგებლობა, მე გადავდექი პარტიის თავმჯდომარეობიდან და შევთავაზე პარტიის მთლიანად განახლება, რაზეც თავად პარტიამ თქვა უარი და რის შედეგადაც თავმჯდომარე გახდა ბატონი ბოკერია. ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი არის ნათელი და ჩემი ურთიერთობა ” ევროპულ საქართველოსთან” დასრულებული. მე არ ვაპირებ ამ თემაზე ხელოვნურ კინკლაობაში შესვლას და წარმატებას ვუსურვებ “ევროპულ საქართველოს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ დღეს, 20 აპრილს.

ევროპული საქართველოს” ყოფილი ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ საპარლამენტო საქმიანობაში მას შემდეგ ჩაერთვება, რაც ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით კონკრეტულ შედეგს იხილავს.

ბაქრაძე, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა,  საქართველოს პარლამენტში იმყოფება, სადაც შეთანხმებაზე ხელმომწერი პოლიტიკოსები შარლ მიშელს ხვდებიან.

“ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პლენარულ სხდომებში მონაწილეობის მიღება და სრულფასოვანი მონაწილეობა ჩემი მხრიდან შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვიხილავ კონკრეტულ შედეგებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძესთან დაკავშირებით კი გიგა ბოკერიამ განაცხადა:

„აქ კიდევ უფრო უხერხული და არაკორექტული ვითარებაა. ბატონმა დავითმა ჯერ არჩევნებამდე ჩვენს პოლიტიკურ გუნდში თქვა და შემდეგ საჯაროდ, რომ ცუდი შედეგის შემთხვევაში საერთოდ არ აპირებდა პარლამენტში შესვლას და შემდეგ, პარტიული პოლიტიკიდან მივდივარ და ვერ ვხედავ საკუთარ თავსო“.

„უხერხული და არაკორექტული ამბავია, რბილად რომ ვთქვა, თუ ეს ყველაფერი იმ კონტექსტში იყო, რომ მერე საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავდა, მაგრამ პარლამენტში ხედავდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი