ახალი ამბებისამართალი

რა გავლენა ექნება ამნისტიას 20 ივნისის საქმეების სტრასბურგში განხილვაზე

20 აპრილი, 2021 • 1815
რა გავლენა ექნება ამნისტიას 20 ივნისის საქმეების სტრასბურგში განხილვაზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიატორობით მომზადებული შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, უნდა განხორციელდეს ამნისტია, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნავს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, ამნისტიის კანონი, თუ ასეთს მიიღებს პარლამენტი, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს, რაც დააზღვევს დოკუმენტის იმ პირებზე გავრცელებას, რომლებმაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით ძალადობრივი დანაშაული ჩაიდინეს.

სიმონიშვილი “ნეტგაზეთთან” აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი ერთობლიობაში მნიშვნელოვანია, რადგანაც ის პოლიტიკური სიმშვიდის მნიშვნელოვანი გარანტი შეიძლება იყოს, თუმცა აცხადებს, რომ ჩანაწერი, რომელიც 20 ივნისის ამნისტიას ეხება, ყურადსაღებია.

კერძოდ, საიას თავმჯდომარის თქმით, დოკუმენტი როგორც ყველა სხვა, ასევე ამ ნაწილშიც სწორად უნდა იყოს იმპლემენტირებული და აღნიშნული უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

სიმონიშვილი აღნიშნავს, რომ ქართული კანონმდებლობა არ აწესებს შეზღუდვებს, თუ რომელი მუხლის ამნისტირებაა დაშვებული და რომლის არა, თუმცა აღნიშნული განმარტებულია საერთაშორისო აქტებში, რომელსაც საქართველოს უერთდება:

“საქართველოში მიღებულ კანონებში არ გვიწერია, რისი ამნისტირება შეიძლება და რისი არა. თუმცა გვაქვს გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენცია, რომლის მეოთხე მუხლში არის მითითება, რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა დასჯილი უნდა იყოს ყველა შემთხვევაში. ეს ჩანაწერი პირდაპირ მოუწოდებს სახელმწიფოებს, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ჩამდენი პირები დასაჯონ. ეს ჩანაწერი, რომელიც ჩვენს შიდა კანონებზე მაღლა მდგომი აქტია, პირდაპირ გვეუბნება, რომ უნდა დაისაჯონ წამების და არაადამიანური მოპყრობის ჩამდენი პირები. თუ ამნისტიის კანონი იქნება მიღებული, ის ამას უნდა შეესაბამებოდეს”, – აცხადებს სიმონიშვილი.

გარდა ამისა, სიმონიშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტიც არსებობს, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს წინააღმდეგ ორ საქმეში აქვს ნახსენები. საუბარია გირგვლიანის და ვაზაგაშვილის საქმეებზე, სადაც სიმონიშვილის თქმით, ევროპულმა სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ მნიშვნელოვან დარღვევებთან მიმართებით შეწყალებისა და ამნისტიის აქტების მიღება მიუღებლად მიიჩნია:

სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ მიუხედავად კვალიფიკაციისა, თუ ამნისტია იქნება გამოყენებული 20 ივნისს აქციის დარბევისას ძალის გადამეტებაში ბრალდებული პოლიციელების მიმართ, აღნიშნული წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან:

“ვფიქრობთ, სამართალდამცავებზე ამნისტიის გავრცელება, როგორი ფორმულირებითაც არ უნდა იყოს ეს, პრობლემურია და წინააღმდეგობაში მოვა საერთაშორისო სტანდარტებთან. სწორი აღსრულება იქნება მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აღსრულება”, – ამბობს საიას თავმჯდომარე “ნეტგაზეთთან”.

რაც შეეხება იმ საქმეებს, რომლებიც 20 ივნისს დაზარალებულებმა, საიას იურიდიული ჩართულობით, სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნეს, ორგანიზაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ამნისტიის კანონი აღნიშნული საქმეების ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განხილვას ხელს არ შეუშლის.

თუმცა სიმონიშვილი აქვე აღნიშნავს, რომ თუ ამნისტირება მოხდება და კანონში საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევით ჩაიწერება ის მუხლები, რომლებიც პოლიციელების გადაცდომას ეხება, ამან შესაძლოა შემდგომ გამოძიებას საფრთხე შეუქმნას, ვინაიდან ამნისტია გამორიცხავს შემდგომ გამოძიების ჩატარებას:

“თუმცა აქ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი კვალიფიკაციით იქნება გამოძიება დაწყებული, რისი ამნისტირება შეიძლება მოახდინოს პარლამენტმა და სტრასბურგის სასამართლო რას იტყვის, აქ სწორი კვალიფიკაციით იყო საქმე წასული თუ არა.

ამნისტია უკვე გამორიცხავს შემდგომ გამოძიების ჩატარებას, თუ ასეთი მოხდა. შეიძლება სტრასბურგმა ამასთან დაკავშირებითაც გააკეთოს მითითება, წინასწარ ვერ ვიტყვით, ეს მოხდება თუ არა. ჩვენ სარჩელში ვდავობთ მესამე მუხლითაც, რომელიც წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ეხება, ამნისტირება კი, თავის მხრივ, შეიძლება ჩათვალოს სტრასბურგმა აღნიშნული უფლების დარღვევად” ,- ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

ძალის გადამეტება და არაეფექტური გამოძიება – 20 ივნისის საქმეები სტრასბურგში მიაქვთ

“გადაშლილი ფურცელი”, თუ “პატიება საკუთარი თავისთვის” – რას ნიშნავს 20 ივნისის ამნისტია

მასალების გადაბეჭდვის წესი