20-21 ივნისის მოვლენებისას დაშავებული მოქალაქეების სახელით სტრასბურგის სასამართლოში ორი სარჩელი გაიგზავნება, რომლითაც სახელმწიფოს ედავებიან ძალის გადამეტებასა და არაეფექტურ გამოძიებას.
20-21 ივნისის ღამით დაშავებული მოქალაქეების სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.
ერთ-ერთი საქმე დაკავშირებულია იმ ღამით ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლასთან.
რატომ მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს?
როგორც საია-ს დირექტორმა, ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა 7 აპრილს ბრიფინგზე, აქციის დარბევისას გამოყენებული ძალა იყო „არაკანონიერი და არაპროპორციული“.
„აქტიური სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების, გამოყენება, იყო არაკანონიერი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც შევნიშნეთ, იყო ის, რომ [პოლიციელები] ინსტრუქტაჟის გარეშე, ახლო მანძილიდან ისროდნენ“, – თქვა სიმონიშვილმა.
ამის შედეგად, სიმონიშვილის თანახმად, 4-მა პირმა დაკარგა ცალი თვალი ან მხედველობა ცალ თვალში (მათ შორის მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა).
„საგანგაშოა ისიც, რომ მედიის წარმომადგენლებს ხელს უშლიდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში და ადგილი ჰქონდა რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლას“, – განაცხადა მან.
საიას დირექტორის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ, რადგან ფიქრობენ, რომ „შიდა ინსტანციებში გამოძიება არის არაეფექტური:
„22 პირიდან მხოლოდ 2-ს (გომურსა და სულაშვილს) მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი… ამასთან, არის პრობლემა კვალიფიკაციის სისწორესთან დაკავშირებით. ამ მიზეზების გამო გადავწყვიტეთ, ამ ადამიანების სახელით მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს“.
რას დავობენ კონკრეტულად?
საია-ს იურისტმა, თამარ ონიანმა განაცხადა, რომ ის საქმეები, რაზეც სტრასბურგში დავას გეგმავენ, აჩვენებს „სახელმწიფოს მიერ აქციების მართვასთან დაკავშირებულ სისტემურ პრობლემებს — რომ სახელმწიფოს დემონსტრაციების მართვის ეფექტური პოლიტიკა არ აქვს“.
დავის პირველი ნაწილი, ონიანის თანახმად, კონცენტრირდება ძალის გამოყენების კანონიერებისა და პროპორციულობის შემოწმებაზე:
„[ძალის გამოყენება ხდებოდა] წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ახლო მანძილიდან, რამაც გამოიწვია 4 პირისთვის თვალის ან ცალ თვალში მხედველობის დაკარგვა (გომური, სულაშვილი). სპეცრაზმს არ ჰქონდა ინსტრუქტაჟი და აკლიათ წვრთნა… ამასთან, ჩვენ არ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც ცხადად გაწერს, თუ რა შემთხვევაში, რა მასშტაბით და ვის მიმართ არის შესაძლებელი რეზინის ტყვიების გამოყენება“, – განაცხადა მან.
იურისტ თამარ ონიანის თანახმად, მეორე სტრატეგიული მიმართულება არის არასათანადო მოპრყობა:
„[აქციის დარბევის შემდეგ] დაიწყო ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკა, რაც გამოყენებული იყო მათ მიმართ, ვინც არ სჩადიოდა დანაშაულს“.
ამის მაგალითად მან დაასახელა მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი („საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“/„სოვლაბი). „ის დაექვემდებარა არასათანადო მოპრყობას, რაც გამოიხატა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცყოფაში“, – განაცხადა მან.
„ვერ ვხედავთ გამოძიების შედეგს“
საია-ს წარმომადგენელი თამარ ონიანი აცხადებს, რომ გამოძიების დაწყებიდან 21 თვის გასვლის შემდეგ „ვერ ვხედავთ შედეგს, რომ გამოძიებას აქვს ნება, დასაჯოს შესაბამისი პირები“. ამის დასადასტურებლად ის ხუთ პუნქტს გამოყოფს:
- დაზარალებულის სტატუსი კვლავ არ მინიჭებია 2 ადამიანზე მეტს (მიენიჭათ გომურსა და სულაშვილს); ხოლო ვისაც სტატუსი აქვს, ისინი გამოძიებაში არაეფეტურად არიან ჩართული;
- ონიანის განმარტებით, პროკურატურა საქმის მასალებზე სრულ წვდომას არ აძლევს: „აძლევს მხოლოდ იმ მასალას, რაც, პროკურატურის აზრით, შემხებლობაშია მათთან. თუმცა ჩვენ ვერ ვამოწმებთ, რომელი მასალაა შემხებლობაში და რომელი არა“…
- „საექსპერტო დასკვნების არქონა“
- „ექსპერტიზები მხოლოდ 10 დღეში, 2 ივლისს, დაინიშნა და მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტებზე დაყრდნობით — პირადი შემოწმება არ ყოფილა“;
- „21 თვის შემდეგაც ექსპერტიზის დასკვნები მიღებული არ არის და ამას პროკურატურა იყენებს საბაბად, რის გამოც არ ენიჭებათ პირებს დაზარალებულის სტატუსი“;
- „საგამოძიებო ორგანო არ გვაწვდის ინფორმაციას, რომელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და რომელი არა“;
- „გამოძიების არაეფექტიანობას ადასტურებს [გამოძიების მუხლის] არასათანადო კვალიფიკაცია: რეზინის ტყვიების გამოყენება უტოლდება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. თუმცა გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს კონკრეტული მოხელეების მიერ უფლებამოსილების გადამეტებას. გამოძიება უნდა გაგრძელდეს სსკ-ის 144-ე ტერცია მუხლითაც, რაც დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს“;
- „დამნაშავეთა დაუსჯელობა — სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის თანახმად, იკვეთება შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათ დეპარტამენტის (გდდ-ს) ყოფილი უფროსის პასუხისმგელობა, თუმცა მის წინააღმდეგ დევნა დაწყებული არ არის“.
თამარ ბაღაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ
საია-ს კიდევ ერთი იურისტი, გიორგი ტაბატაძე ამბობს, რომ მეორე საქმე, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიაქვთ სტრასბურგში, ჟურნალისტებს უკავშირდება და მისი სახელი იქნება „თამარ ბაღაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.
იურისტის განმარტებით, საუბარია 11 ჟურნალისტის სარჩელზე: 10 მათგანს რეზინის ტყვიები მოხვდა, ერთს კი — მაშინ „ნეტგაზეთის“ რეპორტიორს, გიორგი დიასამიძეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„ფეისბუკის ლაივი მქონდა ჩართული და მაყურებელს ვუხსნიდი სიტუაციას, როდესაც ერთ-ერთი აგრესიულად განწყობილი პოლიციელი მომვარდა, დამაგდებინა ტელეფონი, მიმათრევდა და იძულებით მიპირებდა გაგდებას. ბეიჯს ვაჩვენებდი და მოვუწოდებდი, ნუ არღვევთ კანონს და ნუ მიშლით ხელს ჟურნალისტურ საქმიანობაში-მეთქი, ამის პარალელურად, ზოგიერთი პოლიციელი მაგინებდა და მირტყამდა. ბოლოს, ზურგში ჩამარტყა წიხლი ერთმა და ასე გამომაგდეს პარლამენტის ეზოდან. გადმომიგდეს ტელეფონიც“, – ჰყვებოდა დიასამიძე.
„[გიორგი დიასამიძე პარლამენტის ეზოდან] გამოაგდეს, ურტყამდნენ ხელ-ფეხს და შეუშალეს ხელი ჟურნალისტურ საქმიანობაში“, – თქვა ტაბატაძემაც.
ტაბატაძის თანახმად, პროკურატურამ უნდა გააცნოს მათ ინფორმაცია, ამოიღეს თუ არა შიდა ეზოს კამერები და რა ჩანს ამ კადრებზე, რადგან წესით, ამ კადრებზე „პირდაპირ გამოჩნდება, ვინ ურტყამს მას“.
„მთავარი არხის“ თანახმად, ეს ვიდეოები წაშლილია, მაგრამ ამას გავარაკვევთ პროკურატურის პასუხის შემდეგ, — ამოიღეს თუ არა კამერების ჩანაწერები და რა ჩანს ამ ჩანაწერებზე“, – თქვა იურისტმა.
გიორგი ტაბატაძე ხაზს უსვამს, რომ „არცერთი მათგანი [ჟურნალისტი] დაზარალებულად არ უცნიათ, მათ შორის მძიმედ დაშავებულები, როგორიცაა თამარ ბაღაშვილი (ხელის მოტეხილობა) და გურამ მურადოვი (11 ჭრილობა ზურგზე). მათაც არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი და წვდომა სისხლის სამრათლის საქმის მასალებზე“.
ჟურნალისტებთან დაკავშირებით, იურისტის განმარტებით, საია სტრასბურგისგან მოითხოვს, მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის მუხლის დარღვევის დადგენასთან ერთად, „გამოხატვის თავისუფლების დარღვევის დადგენას“, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით არის გათვალისწინებული.
„ეს გულისხმობს, რომ ჟურნალისტების მიმართ ადგილი ჰქონდა პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას, რაც ცალკე გამოძიების საგანია, წესით. თუმცა პროკურატურა, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ამ მიმართულებით გამოძიების დაწყებისგან თავს იკავებს. არ დაწყებულა დღემდე გამოძიება, რითაც ცალსახად ირღვევა მე-10 მუხლის პროცედურული მხარე, რაც ავალდებულებს სახელმწიფოს, გამოიძიოს ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ხელშეშლის ყველა ფაქტი“, – განმარტს იურისტი.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ამ კუთხით მყარი პრაქტიკა აქვს დამკვიდრებული და ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ მათი საჩივარი წარმატებით დასრულდება და სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ სახელმწიფოს ექნება ვალდებულება, ჩაატარიოს ეფექტიანი გამოძიება.