ახალი ამბები

შავი ზღვის გაერთიანებული სარდლობა – ვლადიმერ ჩაჩიბაიას ინიციატივა

20 აპრილი, 2021 •
შავი ზღვის გაერთიანებული სარდლობა – ვლადიმერ ჩაჩიბაიას ინიციატივა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ნატო-ს 72-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილ პანელურ დისკუსიაზე საუბრისას განაცხადა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია შავი ზღვის საერთო სარდლობის შექმნა.

“ნატოს შეკავებისა და თავდაცვის, ე.წ. “4-30-ის” ინიციატივა ითვალისწინებს ნატოს პერიმეტრზე თავდაცვის უსაფრთხოებას, თუმცა, ჩემი აზრით, ის ვერ პასუხობ შავი ზღვის უსაფრთხოების გამოწვევებს.

გამომდინარე იქედან, რომ დღეს ევროპაში ყველაზე მეტი სამხედრო აქტივობა ხორციელდება შავი ზღვის რეგიონში, ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას შავი ზღვის გაერთიანებული სარდლობა, რომელიც გააერთიანებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომპონენტებს.

სასურველია, რომ აღნიშნულ სარდლობაში, შავი ზღვის ქვეყნების გარდა, სხვა ქვეყნებმაც მიიღონ მონაწილეობა. უნდა მოხდეს შავი ზღვის პერიმეტრზე ძალების, შესაძლებლობებისა და ბაზების გადანაწილება, რათა კონტროლს დაექვემდებაროს შავი ზღვის აკვატორია.

სარდლობამ უნდა უზრუნველყოს ყოველდღიურ რეჟიმში მართვა და კონტროლი, დაგეგმოს და აღასრულოს ავტონომიურობის რეჟიმში სამხედრო აქტივობები, მათ შორის ძალების დემონსტრირება, სწავლებები, წვრთნები, პატრულირება.

სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში გვიწევს მე-19 საუკუნის მენტალობის მქონე ქვეყანასთან ჭიდილი, დაგვიანებული მოქმედება კი ხელს აძლევს პოტენციურ მოწინააღმდეგეს, ამიტომ საჭიროა მყისიერი მოქმედება. მეტი ნატო შავ ზღვაში არის გარანტია შავი ზღვის უსაფრთხოების”, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.


შავი ზღვის 6 ქვეყნიდან 3, თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ნატოს წევრი სახელმწიფოა, 2 – უკრაინა და საქართველო, ნატოს პარტნიორ სახელმწიფოებად ითვლება. გარდა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისა, შავი ზღვის აკვატორიას აკონტროლებს რუსეთის ფედერაციაც.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკების მებრძოლებს შორის დაპირისპირების განახლების შემდეგ, რუსეთმა დაიწყო საკუთარი სამხედრო და საზღვაო ძალების მობილიზება უკრაინის საზღვართან და ანექსირებული ყირიმის აკვატორიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი