ახალი ამბები

ცნობილია, სად მიდის 3 დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

23 მარტი, 2023 • 8577
ცნობილია, სად მიდის 3 დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

„იმედის“ საინფორმაციო გამოშვების „ქრონიკის“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ, გიორგი ხელაშვილი კი მუშაობას გააგრძელებს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე.

ჩაჩიბაიას და იობაშვილის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. რაც შეეხება ხელაშვილს, მასთან დაკავშირებით ინფორმაციას პარლამენტში ჯერ არ ადასტურებენ.

აღნიშნული დეპუტატების მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებაზე ინფორმაცია რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება. თუმცა „ქართული ოცნების“ ლიდერები მათ წასვლაზე ინფორმაციას არ ადასტურებდნენ და ამბობდნენ, რომ თუ რამე ცვლილება იქნებოდა, ეს მოხდებოდა „გუნდის შიგნით“.

ჩაჩიბაია, ხელაშვილი და იობაშვილიც იმ დეპუტატებს შორის არიან, რომელთაც რუსული კანონპროექტისთვის მხარი არ დაუჭერიათ.

რუსულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი კოვზანაძემ, რომელმაც დეპუტატის მანდატზე უარი უკვე თქვა.

ამ დროისთვის უცნობია უმრავლესობის ორი წევრის – დავით სერგეენკოსა და ელგუჯა გოცირიძის მანდატების შესახებ გადაწყვეტილება. სერგეენკოსა და გოცირიძესაც მხარი არ დაუჭერიათ რუსული კანონპროექტისთვის.

დავით სერგეენკომ  ბოლოს ინტერვიუ „ტვ პირველს“ მისცა, სადაც  ცალსახად არ პასუხა კითხვას, ტოვებს თუ არა პარტიას და მანდატს. სერგეენკომ განაცხადა, რომ „ოცნების“ მენეჯმენტის „შეჯერებულ პოზიციას“ ელოდება. ამასთან,  აღნიშნა, რომ ეს მისთვის ბოლო მოწვევის პარლამენტია და მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ გეგმავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი