Wall Street Journal-ის ცნობით, ჩილეში 7.6 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა. მათმა უმეტესობამ იმუნიზაცია ჩინური წარმოების ვაქცინით ჩაიტარა, თუმცა ადგილობრივი ჯანდაცვის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მოსახლეობამ გადაჭარბებით შეაფასა ვაქცინის პირველი დოზის ეფექტიანობა.
ჩილეში 10.5 მილიონი პაციენტის მონაცემების შესწავლით გამოიკვეთა, რომ ვაქცინის პირველი ინექციის შემდეგ მისი ეფექტიანობა კორონავირუსის წინააღმდეგ 16%-ია, მეორე დოზის მიღების შემდეგ კი 67 %-მდე იზრდება. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ “სინოვაკის” ვაქცინა 80%-ით ახდენს კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების პრევენციას ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ.
გამოცემის თქმით, ეს მაჩვენებელი დაბალია Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინის მიერ ნაჩვენებ შედეგებთან, რადგანაც აღნიშნული ვაქცინის ეფექტიანობა სიმპტომური შემთხვევების პრევენციისთვის 85%-ს შეადგენს. მონაცემები ისრაელში ჩატარებულ კვლევას ეფუძნება. კვლევით ასევე დადგინდა, რომ მეორე დოზის მიღებიდან 6 თვის შემდეგ ეფექტიანობა Pfizer-ის შემთხვევაში 91.3%-მდე გაიზარდა.
Wall Street Journal-ის თქმით, “სინოვაკის” პირველი დოზის დაბალი ეფექტიანობა ნიშნავს, რომ ვაქცინაციის კამპანია უფრო დიდხანს გაგრძელდება, თუმცა ჩილეში ჯანდაცვის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევას ივნის-ივლისში შეძლებენ.
მიუხედავად ამისა, მათი თქმით, ვირუსი ცირკულირებას კვლავ გააგრძელებს. ამასთან, არსებობს ახალი შტამების გაჩენის რისკიც, რომლებიც უკვე შეინიშნება ჩილეს მეზობელ სახელმწიფოებში, მაგალითად, ბრაზილიაში.
აღნიშნულის მიუხედავად, ჩილეში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვაქცინა მაინც ეფექტიანია სრული იმუნიზაციის შემდეგ და ასაკოვანი პაციენტების გარდაცვალების რისკს ამცირებს.
ჩილეში ვაქცინაცია დეკემბერში დაიწყო, თუმცა პროცესი თებერვალში გააქტიურდა, როდესაც ქვეყანამ სინოვაკის ვაქცინის პირველი პარტია მიიღო. ამჟამად იმუნიზირებულთა 90% ჩილეში სწორედ ამ პრეპარატითაა აცრილი. 5 მილიონზე მეტი მოქალაქე, რომლებიც 70 წელს ზევით ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეების 85%-ს შეადგენენ, ვაქცინის ორივე დოზითაა აცრილი. გამოცემა აღნიშნავს, რომ ოფიციალური მონაცემები აჩვენებს კლებას რეანიმაციის საჭიროების მქონე ასაკოვანი პაციენტების, ისევე როგორც აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში იკლო COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელმაც.
ჩინური წარმოების სინოვაკის ვაქცინის შემოტანა საქართველოშიც იგეგმება. ქვეყანამ ჩინეთისგან აღნიშნული ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო მას შემდეგ, რაც ამავე ოდენობის სინოფარმის ვაქცინა შეისყიდა. აღნიშნულ ვაქცინებს ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. ჯანდაცვის სამინისტროში ვარაუდოებნ, რომ ვაქცინების აღიარების პროცედურა აპრილის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნული პრეპარატით ვაქცინაციის საქართველოში დაწყებას კი მაისიდან გეგმავენ.