ახალი ამბები

თალაკვაძის თქმით, შოთაძე არ გადადგება, ჟვანიამ კი გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს

19 აპრილი, 2021 •
თალაკვაძის თქმით, შოთაძე არ გადადგება, ჟვანიამ კი გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმების შედეგად გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას არ დატოვებს.

“შეთანხმება საერთოდ არ ითვალისწინებს იმას, რომ გენერალური პროკურორი, ბატონი შოთაძე დატოვებს თანამდებობას. ის არ დატოვებს თანამდებობას ამ შეთანხმების თანახმად. მას კიდევ აქვს დაახლოებით 5 წელი მანდატის ამოწურვამდე”, — განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ წინადადებებში ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმის დაზუსტება უნდა მოხდეს.

“ჩვემი მოლოდინი და მკაფიო პოზიციაა, რომ ეს მექანიზმი გაიწერება საუკეთესო ევროპული სტანდარტით”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას, თალაკვაძის თქმით, პარლამენტში ჯერ უნდა დაიწყოს მუშაობა საარჩევნო რეფორმაზე, რომელიც ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე, ქვედა დონის კომისიების დაკომპლექტების ახალ წესს.

“ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით ქალბატონი თამარ ჟვანია თავისუფლდება თანამდებობიდან. ასეთი მოთხოვნა მის მიმართ არ იქნება. თანამდებობასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება არის მისი მისაღები”, – განაცხადა თალაკვაძემ.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული შეთანხმების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს ხმების 2/3-ით; რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორებს, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, რომ შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი