ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

რამდენად რეალისტურია ახალი აფხაზური პოლიტიკა ქართველების მიმართ

19 აპრილი, 2021 • 1677
რამდენად რეალისტურია ახალი აფხაზური პოლიტიკა ქართველების მიმართ

ავტორი: ზურა წურწუმია, თბილისი


აპრილის დასაწყისში ენგურზე მომხდარმა ტრაგედიამ წლების განმავლობაში არსებული წარმოდგენები აფხაზეთთან მიმართებაში რამდენიმე დღით შეცვალა. კერძოდ, მაშინ, როდესაც კორონავირუსის გამო შემოღებული ხუთდღიანი კარანტინის გამო საქართველოს ხელისუფლება საზოგადოების მხრიდან მწვავე და სამართლიან კრიტიკას ისმენდა, გალის მოქმედი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ადგილობრივ ტელევიზიასთან ენგურზე მიმოსვლის გამარტივებაზე საუბრობდა.

ეს სიტყვები იმედისმომცემად ჟღერდა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კონსტანტინე ფილიას ამ თემის წინ წამოსაწევად ადგილობრივი აფხაზური თუ გალის ქართული მოსახლეობისგან არ ჰქონდა საზოგადოებრივი ზეწოლა, მაშინ, როდესაც თბილისი არც კი იმჩნევდა, თუ რა ზიანის მომტანი იყო დაწესებული კარანტინი და რომ არა საზოგადოებრივი წნეხი, დიდი ალბათობით, შეზღუდვები ისევ იარსებებდა. გვაქვს თუ არა იმის თქმის საფუძველი, რომ სოხუმში გალის მოსახლეობისა თუ ზოგადად, საქართველოსთან მიდგომის პოლიტიკა დადებითი მიმართულებით შეიცვალა? ამ კითხვაზე პასუხი, შესაძლოა, ბოლოდროინდელ ფაქტებზე დაკვირვებამ მოგვცეს.

თბილისისადმი სოხუმის რიტორიკა ბჟანიას ხელისუფლების მოსვლის შემდეგ აშკარად შეცვლილია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი ხმამაღალი განცხადება გახმიანდა მრავალდონიანი მოლაპარაკებების თაობაზე.

სოხუმი პოლიტიკური განცხადებების ფონზე, მართალია, არ წყვეტს საქართველოსა და დასავლეთის დემონიზებას (რაც პოლიტიკურ ფორმალობად არის უკვე ქცეული), თუმცა მტრის ხატის ნარატივს თითქმის არ იყენებს. მეტიც, წლების განმავლობაში აფხაზური საზოგადოებისთვის ტაბუდადებულ თემაზე თავად ბჟანიამ ისაუბრა ღიად და აფხაზებს მორალური ბარიერი მოუხსნა, როდესაც რეფერალური პროგრამით სარგებლობისკენ მოუწოდა. ყურადღება ასევე გამახვილდა ენგურზე მიმდინარე ეკონომიკურ საქმიანობაზე.

სოხუმის დაინტერესება, ეს ურთიერთობები როგორმე მოაქციოს კანონის ფარგლებში და გახადოს ლეგალური, ადგილობრივი ქართველებისთვისაც სარგებლის მომტანი  იქნება. ბჟანიას დე ფაქტო მთავრობის პოზიციები კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანდა კრიზისების პერიოდში.

“პატრიოტთა ალიანსისა” თუ თებერვლის თვეში მისი ყოფილი მრჩევლის, ბენურ კვირაიას საიდუმლო ვიზიტების დროს ბჟანია შეეცადა ნეიტრალური დარჩენილიყო. ის, ერთი მხრივ, შეეცადა ადგილობრივი ოპოზიციის დაშოშმინებას, ხოლო, მეორე მხრივ – მსგავსი კონტაქტებისა და მიმოსვლის შესახებ მკაცრი უარყოფითი პოზიცია არ ჰქონია. მნიშვნელოვანი იყო ასევე ადგილობრივ სახალხო დამცველთან მისი შეხვედრა, სადაც გალის ქართველების უფლებებზეც იყო საუბარი. დაბოლოს – გალის რაიონის ახალი ხელმძღვანელობა, მუშაობის წესი რადიკალურად განსხვავდება მისი წინამორბედისგან. ნადარაიას „ჰუმანურობაზე“ გალში ყველამ იცოდა.

მისგან განსხვავებით მოქმედი გამგებელი ფილია გამოირჩევა უფრო მეტი საქმიანი მიდგომითა და რბილი პოლიტიკით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ბჟანიამ ფილიას სახით გალის გამგებლად საკუთარი ახლო ნათესავი მიავლინა.

ნახსენები ფაქტორები ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ოპტიმიზის საფუძველს ქმნის, თუმცა რეალურად გადადგმული ნაბიჯები, შესაძლოა, საპირისპიროს მეტყველებდეს. ერთ-ერთი მთავარი, რაც უკეთესი მომავლის პერსპექტივას უქმნის საფრთხეს, არის კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯების არარსებობა ან ნაკლებობა.

ენგურზე მიმოსვლის თუ გალის მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ კრიტიკული და მძიმე გადაწყვეტილებები წლების წინ იქნა მიღებული: დაიხურა ქართული სკოლები, ენგურზე არსებული გადასასვლელებიდან მხოლოდ ერთია დარჩენილი და მასაც მხოლოდ საკუთარი ნების მიხედვით ხსნიან ან კეტავენ დე ფაქტო მთავრობის უწყებები.

სწორედ ამ დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების ფონზე ჩანს მოქმედი ადმინისტრაციის პოლიტიკა უფრო ჰუმანური, მაგრამ შინაარსის დონეზე, შეიძლება ითქვას, არაფერი არ შეცვლილა – არავის აღუდგენია ქართულად სწავლის პროცესი (ამაზე საუბარიც არ არის), არავის გაუხსნია დაკეტილი გამშვები პუნქტები, ან სამოქალაქო უფლებები დაუბრუნებია გალში მცხოვრებ თუ დევნილად მყოფი ადგილობრივებისთვის.

ენგურზე მიმოსვლის გამარტივებაზე საუბარი სწორედ ამ ერთადერთ გამშვებ პუნქტს ეხებოდა, ხოლო სხვა პუნქტების გახსნაზე ფილიას არც უსაუბრია. პარალელურად კი, სრულად მხარდაჭერილია ადგილობრივების იდენტობაზე ისეთი უხეში ზემოქმედების მექანიზმი, როგორიც გააფხაზების პოლიტიკაა.

სოხუმის პოლიტიკის შერბილება გალელების მიმართ, შესაძლოა, სწორედ იმას უკავშირდება, რომ ადრე მიღებულმა დისკრიმინაციულმა გადაწყვეტილებებმა თავისი შედეგები უკვე მოიტანა: ადგილობრივებისთვის უფრო ცხადი ხდება, რომ ოკუპაციასთან შეგუებისა და თანამშრომლობის გარდა მათ სხვა რეალური ალტერნატივა გადარჩენისთვის არ აქვთ, ხოლო აფხაზური ადმინისტრაციისთვის ამ აზრზე მდგარი საზოგადოება ნაკლებ პრობლემურია, მით უმეტეს, თუ ე.წ. საზღვარს რუსი სამხედროები აკონტროლებენ და რაიმე სახის სამხედრო თუ პოლიტიკური საფრთხისგან დაცულები არიან.

ამ განცხადებებისა და პროცესების ჯაჭვში მრავალდონიანი მოლაპარაკებების თემა სინათლის შემომტანი იქნება. მასზე ორივე მხარის დათანხმება და შედეგად, თუნდაც ენგურზე ეკონომიკური ურთიერთობების მხარდაჭერა აჩვენებს, თუ რამდენად სერიოზულად და ქმედითად არის მზად სოხუმი, შეცვალოს დამოკიდებულება და პოლიტიკა გალის ქართველების მიმართ.

რისკი ამ მხრივ აფხაზურ მხარეს უფრო მეტი აქვს: ჩავარდება გალის გააფხაზების პოლიტიკა და ქართველების მტრის ხატი ნელ-ნელა დაიწყებს რღვევას, რაც ადგილობრივ ნაციონალისტურ ძალებს იდეოლოგიური დომინირების საფუძველს გამოაცლის. თუმცა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა საზოგადოებებს შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენისკენ.

ამიტომაც, საუბრობენ რა ეკონომიკურ ურთიერთობებსა თუ მრავალდონიან კავშირებზე, აფხაზურმა საზოგადოებამ, პოლიტიკურმა ელიტებმა უნდა გააკეთონ არჩევანი არსებულ არაეფექტურ და კორუმპირებულ სისტემასა და ღია, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სისტემას შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი