“კეთილი იყოს “გირჩის” ფეხი საქართველოს პარლამენტის შენობაში”, — განაცხადა “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ 19 აპრილს, მას შემდეგ, რაც “გირჩის” წარმომადგენლები პარლამენტი მივიდნენ.
“გირჩი” პარლამენტში საქმიანობას “განსხვავებული ფორმატით” გეგმავს, კერძოდ, ამბობს, რომ რეგლამენტის გათვალისწინებულ საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩაერთვება მანამ, სანამ „გირჩის” 7 წინაპირობიდან ერთ-ერთი არ დაკმაყოფილდება, ან “ქართული ოცნება” შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.
“ჩვენ პარლამენტის შენობაში შემოვედით “გირჩის” გზის აღსასრულებლად, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს, ერთი მხრივ, ხელისუფლებისკენ იმაზე, რომ ველაპარაკოთ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც ჩვენ გვაწუხებს. 7 საკითხი იქნება მთავარი, რომელზეც „გირჩი“ იბრძოლებს ამ შენობაში — დერეფნებშიც და დერეფნებს მიღმაც. ჩვენ გვინდა ვიყოთ ხალხი, რომელმაც უნდა წაახალისოს შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.
ველოდებით, პირველ რიგში, ხელისუფლების ხელმოწერას, რომ პირდაპირ შევიდეთ პარლამენტის დარბაზში. თუ ამას ხელისუფლება არ გააკეთებს, ველოდებით 7-დან ერთი საკითხის დაკმაყოფილებას, რომ პარლამენტის დარბაზში პირდაპირ შევიდეთ. სანამ ეს მოხდება, ჩვენ კულუვრებში ან დერეფანში ველოდებით ჩვენს კოლეგებს, რომ ერთად შევიდეთ პარლამენტის დარბაზში”, — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ხვიჩიას თქმით, საპარლამენტო ოფისზე და საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, კულისებში, და იმ ადამიანების გაცნობაზე, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში მოხვდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის სახელით, ამაზე უარის თქმა აბსურდია.
“ოფისის პირობებს როგორ შევეგუებით, ვნახოთ. ფაქტობრივად, პირველად უწევს ამ ქვეყნის ისტორიაში „გირჩისნაირ“ პარტიას ამ შენობაში შემოსვლა. ჯერ ადრეა იმისთვის, რომ გითხრათ, მომეწონა თუ არა. დავლაგდეთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარლამენტში, ჟურნალისტების წინაშე “გირჩის” სამი წევრი — იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და ალექსანდრე რაქვიაშვილი- წარდგა და “გირჩის” სამეფოს ოფისის პარლამენტის შენობაში გადატანის შესახებ განაცხადა. ამათგან რაქვიაშვილი პარლამენტის წევრი არ არის. “გირჩის” სიით გასული დეპუტატები არიან იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, სალომე მუჯირი და ზურაბ ჯაფარიძე. “გირჩი” კვოტირებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ სიაში მყოფი ქალები დეპუტატის მანდატზე უარს იტყვიან და მუჯირის ადგილს რაქვიაშვილი დაიკავებს. იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ “გირჩის” არადეპუტატ წევრებზე საშვი ალეკო ელისაშვილმა დაუშვა.
“ელისაშვილმა ჩვენზე საშვი დაუშვა, ჩვენ რის გამოც მადლობლები ვართ, ამიტომ ელისაშვილის კრიტიკას ვერ დამაცდევინებთ”, — თქვა ხვიჩიამ.
“გირჩის” სამეფო იქნება აქ. 21 წლის წინ ვმუშაობდი პარლამენტარის თანაშემწედ და მაშინ ყველაფერი კეთდებოდა კულუარებში, კაბინეტებში და არა კომიტეტის სხდომებზე. ნებისმიერ კანონპროექტზე, რომელიც განიხილება კომიტეტის ფორმალურ სხდომაზე, მედიას ყოველთვის გეცოდინებათ “გირჩის” პოზიცია. რა მნიშვნელობა აქვს, კომიტეტის სხდომაზე გაიგებთ ამ პოზიციას, თუ ჩემს ოთახში”, — განაცხადა, თავის მხრივ, ვახტანგ მეგრელიშვილმა.
“გირჩის” წარმომადგენლები ამბობენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივებსაც მოამზადებენ და მათ ლობირებას გაუწევენ.
“თუ ჩვენი კანონპროექტი იქნება წარმოდგენილი კენჭისყრაზე, შევალთ და ღილაკს დავაჭერთ”, — განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა და თქვა, რომ პირველი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის დაყენებასაც “გირჩი” გეგმავს, ეროვნული ბანკის რეფორმა იქნება.