ახალი ამბები

გირჩი აცხადებს, რომ 7 პირობიდან ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში პარლამენტში შევა

12 აპრილი, 2021 •
გირჩი აცხადებს, რომ 7 პირობიდან ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში პარლამენტში შევა

„გირჩი“ აცხადებს, რომ თუ ოპოზიციასა და მთავრობას შორის შეთანხმება ვერ შედგა, მათი 7-პუნქტიანი წინაპირობებიდან ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, პარტია პარლამენტში შევა.

„გირჩი ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტს და შევა საქართველოს პარლამენტში, თუ „ქართული ოცნება“ დათანხმდება ქვემოთ ჩამოთვლილი შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტასა და მოწესრიგებას“, – ნათქვამია პარტიის გაზეთში, რომლის პირველი გვერდიც ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა.

აღნიშნულ წინაპირობებში პარტიამ შეიტანა ისეთი საკითხები, როგორიცაა შერიფების ინსტიტუტის ჩამოყალიბება, კერძო სკოლების სრული დერეგულირება, მარიხუანის ლეგალიზება და ა.შ.

შვიდი საკითხი სრულად გამოიყურება ასე:

  • ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით.
  • კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებებისგან.
  • რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მხრიდან.
  • პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულს ექნება უფლება თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული.
  • ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი.
  • რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად.
  • მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზება.

პარტია აქვე წერს, რომ თუ მე-10 მოწვევის პარლამენტი ჩამოთვლილთაგან რომელიმე ცვლილებას სრულფასოვნად გაატარებს, „გირჩი“ შევა პარლამენტში. თუ ეს ასე არ მოხდება, „გირჩისთვის“ პარლამენტში შესვლა უინტერესო გახდება.

„რადგან გასაგებია, რომ მმართველ პარტიას ძალიან უცნაურად ესმის პარლამენტარიზმის მნიშვნელობა, ხოლო ჩვენ, ჩვენი მცირე ძალებით, დანარჩენი ოპოზიციის გარეშე ამ ფაქტს ვერ ვცვლით.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ვერ დაადასტურა არჩევნების გაყალბების ფაქტი, გვიწევს ბოიკოტის რეჟიმში დარჩენა“ ,- აცხადებს „გირჩი“ და ამატებს, რომ მათი ბოიკოტი განსხვავებული იქნება.

პარტია განმარტავს, რომ მათი ბოიკოტის ფარგლებში  არ აიღებენ ხელფასებს და პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან, არ მიიღებენ მონაწილეობას საპარლამენტი საქმიანობაში, თუმცა პარლამენტის წევრის პრივილეგიებით ისარგებლებენ – მათ შორის, პარლამენტის წევრის იმუნიტეტითა და იარაღის ტარების უფლებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი