ახალი ამბები

ცალსახად უკეთესია, ვიდრე წინა იყო, ზოგადად, არ მომწონს – ჯაფარიძე მიშელის დოკუმენტზე

18 აპრილი, 2021 • 771
ცალსახად უკეთესია, ვიდრე წინა იყო, ზოგადად, არ მომწონს – ჯაფარიძე მიშელის დოკუმენტზე

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი წინაზე უკეთესია, თუმცა ზოგადად, დოკუმენტი არ მოსწონს.

მისი თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს მოაწერს თუ არა ხელს დოკუმენტს და ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებს როფორც საკუთარ პარტიაში, ისე დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გაივლის.

“დოკუმენტი არის ცალსახად უკეთესი, ვიდრე წინა დოკუმენტი იყო – რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ბევრად უფრო გასაგები მექანიზმია ჩადებული. ზოგადად, დოკუმენტი არ მომწონს. არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას, არც წინა დოკუმენტზე მჯეროდა, არც ამაზე მჯერა, თუმცა, აქ კარგი ის არის, რომ პოლიტიპატიმრების გათავისუფლების მექანიზმი არის უფრო კარგად გაწერილი.

ხელის მოწერას რაც შეეხება, ამ წუთში გადაწყვეტილება არ მაქვს, ჩვენ გვითხრეს, რომ გვექნება დრო მოსაფიქრებლად და მათ შორის იმისთვის, რომ ერმანეთთანაც გვქონდეს კონსულტაციები. რასაც ვაპირებ არის ის, რომ წავიდე, პარტიაში მქონდეს კონსულტაციები, ამის შემდეგ სხვა პარტიებთანაც მქონდეს კონსულტაციები და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას[…]

მე არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს, მე არ მჯერა ასევე, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს ამერიკის და ევროკავშირის მხარდაჭერის, განსაკუთრებით ამერიკის მხარდაჭერის გარეშე და დღეს ნახეთ განცხადება, რომელიც არის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ხელმოწერილი. თუ რამეს ჩემთვის წონა აქვს, წონა აქვს ამას”, — განაცხადა ჯაფარიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება წარუდგინა.

მიშელის დოკუმენტში საუბარია, როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.

“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.

შარლ მიშელის ახალი წინადადება პარტიებს დღეს, 18 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე წარედგინათ. დღევანდელ შეხვედრას “ქართული ოცნებაც” უნდა დასწრებოდა, თუმცა მმართველი პარტია შეხვედრაზე არ გამოცხადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი