ახალი ამბები

ჩემთვის მისაღებია, მაგრამ პოლიტსაბჭოსთან მექნება მსჯელობა – ვაშაძე მიშელის დოკუმენტზე

18 აპრილი, 2021 • 538
ჩემთვის მისაღებია, მაგრამ პოლიტსაბჭოსთან მექნება მსჯელობა – ვაშაძე მიშელის დოკუმენტზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი მისთვის მისაღებია და ამაზე პოლიტსაბჭოსთან იმსჯელებს.

თუმცა, მისი თქმით, ის დაელოდება სხვა კოლეგებისა და “ქართული ოცნების” თანხმობას.

როგორც ვაშაძე ამბობს, შეიძლება ბევრი რამ შეიძლება კიდევ  უნდოდა, რომ მიშელის დოკუმენტში ყოფილყო, თუმცა  დოკუმენტის შინაარსი მეტ-ნაკლებად მისაღები უნდა იყოს ყველა მხარისთვის.

“მე ვფიქრობ, რომ ჩვენ პირნათელი ვიქნებით ჩვენს მხარდამჭერებთან, საზოგადოებასთან, რომელსაც გულწრფელად უნდა შეთანხმება ამ საკითხზე და ვფიქრობ, ეს არის ის რაციონალური კომპრომისული ვარიანტი, რომელიც მედიატორებმა ჩვენ შემოგვთავაზეს. პირდაპირ გეტყვით, რომ ამ ჩართვის დროს იყო კიდეც საუბარი, რომ ახლა 4 წლის მანძილზე არავინ აპირებს არც აშშ-ის და არც ევროპის მხრიდან, რომ მუდმივად მედიატორები იყვნენ ამ მოლაპარაკებაში, ამიტომ ყველას გვმართებს ღირსეული მიდგომა, სახელმწიფოებრივი მიდგომა, რასაც მე ვერ ვხედავ „ქართული ოცნების“ მხრიდან და ძალიან გაწბილებული ვარ დღევანდელ დღეს და მინდა ვთქვა, რომ ამ ხელმოწერას კი არ დაიმახსოვრებენ, ვინ მოაწერა და ვინ არ მოაწერა ხელი ათწლეულების მერე, დაიმახსოვრებენ ერთ რამეს თანამედროვე პირობებში, 2021 წელს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აღმოაჩნდა შესაძლებლობა კონსენსუსის შეთანხმების, თუ როგორც 90-იანებში მოხდა, საშინელ დაპირისპირებაში გადავიდა ყველაფერი, როცა ვერ შეთანხმდნენ ადამიანები. ამიტომ მე ვფიქრობ, შეთანხმების გზით უნდა ვიაროთ და იმედი მაქვს, ეს დესტრუქცია, რომელიც დღეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან, იქნება გამოსწორებული და შეთანხმება შედგება”, – განაცხადა ვაშაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება წარუდგინა.

მიშელის დოკუმენტში საუბარია, როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.

“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.

შარლ მიშელის ახალი წინადადება პარტიებს დღეს, 18 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე წარედგინათ. დღევანდელ შეხვედრას “ქართული ოცნებაც” უნდა დასწრებოდა, თუმცა მმართველი პარტია შეხვედრაზე არ გამოცხადდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი