ახალი ამბები

შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება წარუდგინა – კარლ ჰარცელი

18 აპრილი, 2021 • 869
შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება წარუდგინა – კარლ ჰარცელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება წარუდგინა. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისი თქმით, პარტიებმა დრო ითხოვეს აღნიშნული წინადადების განსახილველად.

“პრეზიდენტი მიშელი აპირებდა ახალი წინადადების გამოქვეყნებას. ეს უკვე გამოქვეყნებულია და ამას პრეზიდენტი თვლის როგორც დაბალანსებულად, ასევე რეალისტურად. ეს შეთანხმების ტექსტი გადაეცა ყველა პარტიას. შეხვედრამდე რამდენიმე პარტიამ დრო ითხოვა ახალი წინადადების განსახილველად. დღევანდელი შეხვედრა მოკლე იყო და ჩვენ ველოდებით, როდის დაბრუნდებიან პარტიები”, — განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მიშელის დოკუმენტში საუბარია, როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.

“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმომდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, — ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.

შარლ მიშელის ახალი წინადადება პარტიებს დღეს, 18 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე წარედგინათ. დღევანდელ შეხვედრას “ქართული ოცნებაც” უნდა დასწრებოდა, თუმცა მმართველი პარტია შეხვედრაზე არ გამოცხადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი