ახალი ამბები

დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი – ან შეთანხმება, ან ისევ კინკლაობა – ვაშაძე

18 აპრილი, 2021 •
დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი – ან შეთანხმება, ან ისევ კინკლაობა – ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის გადამწყვეტი შეხვედრა იქნება. მისი თქმით, ამ შეხვედრაზე მხარეები ან შეთანხმებას მიაღწევენ, ან “კინკლაობა” გაგრძელდება.

ამასთან, ვაშაძე აღნიშნავს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ფართო მანევრის შესაძლებლობა აღარ იქნება.

“დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი დღე მოლაპარაკებების პროცესში – ან შეთანხმება, ან ისევ კინკლაობა. მე გუნდთან ერთად შეთანხმების მომხრე ვარ, მაგრამ შეთანხმება ვერ იქნება ისე, რომ აბსოლუტურად, ნებისმიერ საკითხზე ვთანხმდებით. ასე ვერ გამოვა. მე ველი, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და რიგგარეშე არჩევნებთან მისასველელი გზა იქნება. როგორ და რანაირად, ამაზე შეხვედრის დროს ვიმსჯელებთ და საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდებით. მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ ამ შეხვედრაზე რომ მივალთ, იქ ფართო მანევრის შესაძლებლობა აღარ იქნება. იქნება საბოლოო გარკვეული დოკუმენტი მედიატორების მხრიდან წარმოდგენილი, რომელზეც მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება”, — განაცხადა ვაშაძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დღეს, 18 აპრილს, “ქართულ ოცნებასა” და  ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება. თავდაპირველად შეხვედრა თავდაპირველდა შეხვედრა 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა შემდეგ ორჯერ, ჯერ 17:00-მდე, შემდეგ კი 19:00 საათამდე გადაიდო. ცნობილია, რომ შეხვედრას ევროკავშირის და აშშ-ს ელჩები დაესწრებიან.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის პრესსპიკერი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ.ისინი მოუწოდებენ, საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ იქნება შეთავაზებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი