ნინოწმინდაში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ბავშვთა პანსიონში, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ბავშვებთან განცალკევებით გასაუბრების საშუალება არ მისცეს. ომბუდსმენის მოადგილის, ეკა სხილაძის თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი პანსიონის წარმომადგენლების მხრიდან სახალხო დამცველის საქმიანობაზე განსხვავებული პოზიციები იყო.
როგორც ეკა სხილაძემ ნეტგაზეთს უთხრა, მსგავს მონიტორინგს, რელიგიურ ორგანიზაციებთან მოქმედ ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ, ომბუდსმენის აპარატი წლებია ატარებს, თუმცა მსგავსი შემთხვევა პირველად მოხდა:
“ჩვენი წარმომადგენლები, ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის თანამშრომლები, გუშინ, 12 სექტემბერს, იმყოფებოდნენ ნინოწმინდაში, ახორციელებდნენ მონიტორინგს პანსიონში. მათ გაესაუბრნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მათ დაბრკოლება შეექმნათ ბავშვებთან განცალკევებით გასაუბრების დროს. პანსიონის ადმინისტრაცია ჩვენი წარმომადგენლების ბავშვებთან განცალკევებით გასაუბრებას ეწინააღმდეგებოდა”, – უთხრა ეკა სხილაძემ ნეტგაზეთს.
მისი თქმით, პანსიონის ადმინისტრაციის პოზიცია არსებითად ეწინააღმდეგება ომბუდსმენის აპარატის მეთოდოლოგიას, რადგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების განწყობებისა და უფლებრივი მდგომარეობის შეფასება სწორედ მათ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდეს და არა – ცალმხრივად, მხოლოდ ადმინისტრაციისგან მიღბული ინფორმაციით:
“ბავშვთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია, ბავშვმა მონაწილეობა მიიღოს მასთან დაკავშირებული საკითხებსი გნახილვისა თუ შეფასების პროცესში. ჩვენ ვერ შევთანხმდით ამ საკითხზე, ჩვენი პრინციპული მიდგომა არის, რომ მონიტორინგისას ბავშვებთან განცალკევებით გასაუბრების შესაძლებლობა გვქონდეს, რასაც პანსიონის წარმომადგენლობა ეწინაარმდეგებოდა. ამის შემდეგ ჩვენმა წარმომადგენლებმა დატოვეს პანსიონი”, – ამბობს სხილაძე.
ომბუდსმენის მოადგილის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს მსგავსი დაწესებულებების მონიტორინგს და ეს პრეცედენტიც ანგარიშში აისახება:
“ეს არ არის მხოლოდ ერთი დაწესებულება, სადაც ჩვენ მონიტორინგს ვახორციელებთ. იმედი გვაქვს, მომავალში ასეთი ინციდენტები აღარ იქნება ჩვენი მონიტორინგის დროს.
ჩვენთვის ამოსავალი პრინციპი იყო, რომ ბავშვებს გავსაუბრებოდით, რაზეც ვერ მოხდა შეთანხმება. თუმცა მთელი დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია ანგარიშის სახით მომზადდება და ესეც ერთგვარი ტენდენციაა, როცა სახალხო დამცველს არ ეძლევა შესაძლებლობა, სრულყოფილი მონიტორინგი განახორციელოს”, – ამბობს ეკა სხილაძე.
საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ნინოწმინდის წმ. ნინოს ბავშვთა პანსიონატის ფეისბუკ გვერდზე ჰომოფობიური შინაარსის დისკრიმინაციული განცხადება გამოქვეყნდა, სადაც წერია: “სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საჯაროდ ითხოვს ჰომოსექსუალიზმისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას საქართველოში და ეწევა ასეთი გახრწნილებისა და მომაკვდინებელი ცოდვების პროპაგანდას. ამიტომ ბავშვთა სახლის ხელმძღვანელობამ ამ აპარატის თანამშრომლებს გამოუცხადა უნდობლობა და მოსთხოვა, რომ ამ გასაუბრებას დასწრებოდნენ ბავშვთა სახლში მომსახურე სამღვდელოება და ბავშვთა სახლის ზედამხედველი”.