ახალი ამბები

სანქტ-პეტერბურგში უკრაინის კონსული დააკავეს

17 აპრილი, 2021 •
სანქტ-პეტერბურგში უკრაინის კონსული დააკავეს

სანქტ-პეტერბურგში უკრაინის კონსული, ალექსანდრ სოსონიუკი რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა („ეფ-ეს-ბე“) დააკავა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

უწყების მტკიცებით, სოსონიუკი ცდილობდა მიეღო გასაიდუმლოებული ინფორმაცია, რომელიც სამართალდამცავი ორგანოებისა და „ეფ-ეს-ბეს“ დახურულ მონაცემთა ბაზაში ინახება.

უშიშროების სამსახურში მიიჩნევენ, რომ ამგვარი ქმედებები „არ მოდის თანხვედრაში დიპლომატიური მუშაკის სტატუსთან“ და ატარებს „ცხადად მტრულ ხასიათს რუსეთის ფედერაციის მიმართ“.

დიპლომატის დაკავების ფაქტს ადასტურებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

როგორც „ბი-ბი-სის“ უკრაინული ბიურო წერს, უკრაინის დიპლომატიურ უწყებაში აღშფოთებული არიან ინციდენტით.

„ეს არის მორიგი პროვოკაცია რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებების ფონზე“, — ციტირებს გამოცემა საგარეო უწყების სპიკერ ოლეგ ნიკოლენკოს.

მისივე თქმით, რუსმა სამართალდამცავებმა დიპლომატი მხოლოდ რამდენიმე საათით დააკავეს. „ახლა ის უკრაინულ დიპლომატიურ დაწესებულებაშია. დაკავების გარემოებები ირკვევა“, — ამბობს იგი.

ნიკოლენკოს თქმით, უახლოეს მომავალში კიევი გადაწყვეტს, როგორი რეაგირება უნდა ჰქონდეს ამ „პროვოკაციაზე“.

გარეკანის ფოტოზე: „ეფ-ეს-ბეს“ შტაბ-ბინა მოსკოვში, ლუბიანკას ქუჩაზე. ფოტო: EPA


ბოლო დროს ვითარება უკრაინის აღმოსავლეთში კვლავ დაიძაბა. ვრცელდება ცნობები რუსეთის მიერ საზღვართან სამხედროებისა და ტექნიკის გადასროლაზე.

ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი