ახალი ამბები

გუმათი| გზის სავალი ნაწილიდან რკინის ბარიერები აიღეს, თუმცა გადაადგილება ისევ შეზღუდულია

17 აპრილი, 2021 • 1342
გუმათი| გზის სავალი ნაწილიდან რკინის ბარიერები აიღეს, თუმცა გადაადგილება ისევ შეზღუდულია

რიონის ხეობაში, პოლიციამ სოფელ გუმათის გზის სავალი ნაწილიდან რკინის ბარიკადები აიღო, თუმცა ჯებირები ისევ ადგილზე რჩება. შესაბამისად, გადაადგილება კვლავ შეზღუდულია.

ბარიერების ნაწილი პოლიციელებმა 17 აპრილს, გამთენიისას მოხსნეს. თუმცა, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტების მოთხოვნა ადგილიდან ბარიერების სრულად გატანა და სოფელ ნამოხვანისკენ მოძრაობის აღდგენაა.

ბარიერების ნაწილი 17 აპრილს, გამთენიისას მოხსნეს. სქრინი: სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის/Fair Energy Politics Collective

რიონის ხეობაში, სოფელ გუმათის გზაზე, გადაადგილება მალევე შეიზღუდა მას შემდეგ, რაც ამავე ხეობის სოფელ ნამოხვანში კომპანია “ენკამ”  ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა. ადგილობრივი აქტივისტები პროექტის განხორციელებას თვეებია, აპროტესტებენ.

ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც პოლიციამ სოფელ ნამოხვანში აქტივისტების მიერ გაშლილი კარვები აიღო, ტერიტორია კი — მოხნეს. ამის შემდეგ, პროტესტმა მთლიანად გუმათთან გადმოინაცვლა.

ხსენებული რკინის ბარიერები პოლიციამ ადგილზე 14 აპრილს აღმართა. ამას წინ უძღოდა დაძაბულობა პოლიციელებსა და “რიონის ხეობის მცველებს” შორის, რომლებიც კვლავ უშედეგოდ მოითხოვდნენ მოძრაობის აღდგენას. მათ, პროტესტის ნიშნად, საავტომობილო გზა გადაკეტილი ჰქონდათ.

ხეობაში არსებული დაძაბულობის ფონზე, 16 აპრილს ქუთაისში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებს შეხვდნენ. “რიონის ხეობის მცველებმა” 3 მოთხოვნა წარუდგინეს სახელმწიფოს. კერძოდ, შეხვედრიდან გამოსულმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა თქვა:

  1. შეწყდეს ხეობაში რეპრესიული პოლიტიკა და გამოლაგდნენ იქიდან პოლიციელები. აიღონ რკინის ფარდა, რომელიც დევს;
  2. შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები;
  3. დავუბრუნდეთ მშვიდობიან პროტესტს ნამახვანში. აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ კარვები, რომლებიც დაგვირბიეს.

სახელმწიფო ამბობს, რომ ამ მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად რამდენიმე დღეა საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი