ახალი ამბები

გიორგი მუმლაძემ გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმრო დატოვა

16 აპრილი, 2021 • 978
გიორგი მუმლაძემ გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმრო დატოვა

აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ სამიათასლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმრო დღეს, 16 აპრილს, საღამოს დატოვა.

მუმლაძე 14 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, დააკავეს. დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდება 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, “ქართული ოცნების” ოფისთან 14 აპრილს გამართულ აქციაზე მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა მუმლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე და მას სამიათასლარიანი გირაო შეუფარდა.

მოძრაობამ “საქართველოსთვის” ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოსტი და მოქალაქეებს მუმლაძის მხარდასაჭერად ფულის შეგროვებისკენ მოუწოდა. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ალიკა კუპრავას ინფორმაციით, გირაოსთვის საჭირო თანხა მალევე შეგროვდა, ფული გადაიხადეს და დაკავებულმა საპატიმრო დატოვა.

ციხიდან გამოსულმა მუმლაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაკავება მის მიმართ პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა.

ფოტოზე: გათავისუფლებული მუმლაძე (შუაში) მეგობრებთან ერთად. ავტორი: ლაშა ხუსკივაძე/ფეისბუკი

მასალების გადაბეჭდვის წესი