ავტორი: გუნელ მევლუდი
ქალთა საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც აზერბაიჯანში ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს თანადგომას უცხადებენ და შეძლებისდაგვარად ეხმარებიან, ხშირად “საზოგადოების მტრებად” და “ოჯახის ინსტიტუტის დამანგრევლებად” მოიხსენიებენ.
2021 წელს აზერბაიჯანის საზოგადოება 21 წლის სევილ ატაკიშიევას სიკვდილის ფაქტმა შეაშფოთა. სევილი ბაქოში ელიტარული საცხოვრებელი კორპუსის მე-20 სართულიდან გადახტა. მალევე სოციალურ ქსელებში სევილისა და მისი ახლო მეგობრების მიმოწერები გავრცელდა, სადაც გოგონა ოჯახის, განსაკუთრებით კი მამის მხრიდან მის მიმართ ძალადობაზე საუბრობდა. სევილი წერდა, რომ ოჯახი ყველაფერს უკრძალავდა და ზოგჯერ მოკვლითაც ემუქრებოდა. სევილის საქმეს დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურება ჰქონდა. დაღუპული გოგონას მამის მიმართ კი სისხლის სამართლის საქმე “თვითმკვლელობამდე მიყვანის” მუხლით დაიწყო.
სევილის თვითმკვლელობას აზერბაიჯანში მოზარდი და ახალგაზრდა ქალების სუიციდის ტალღა მოჰყვა. მათ შორის იყო ორი მოზარდი მხატვარი, რომლებმაც სუიციდი ერთდროულად ჩაიდინეს.
“ოჯახის ღირსების” დაცვის მიზნით ჩადენილი ოჯახში ძალადობა და ქალების მკვლელობები პოპულარული მოვლენაა დღეს აზერბაიჯანში. “მამისეულ” სახლში გოგონები მრავალრიცხოვან და აბსურდულ აკრძალვებს აწყდებიან, უკვე “ქმრის ოჯახში” კი – ცემას, დაცინვას, აკრძალვებსა და ღალატს. ქალების უმრვლესობა სამუდამოდ რჩება ძალადობრივ გარემოში იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვთ და ამასთან, განქორწინებული ქალის მიმართ საზოგადოების განწყობა უარყოფითია.
“როცა ახალგაზრდა, 18 წელს მიღწეული ქალი ოჯახში ძალადობის მიზეზით იღებს გადაწვეტილებას და საცხოვრებლად მარტო გადადის, პოლიცია პოულობს და უკან აბრუნებს იმ გარემოში, სადაც ისევ სცემენ. ქმრის მიერ ცემაზე ქალის საჩივრის შემთხვევაში კი, პოლიცია, როგორც წესი, მომრიგებლის როლს ასრულებს, ცდილობს ქალი შეარიგოს მოძალადე ქმარს. მშობლებს ოჯახში ქალის უკან მიღება არ უნდათ, ეუბნებიან, ითმინე და ოჯახი განქორწინებით არ შეარცხვინოო. საბოლოოდ, ქალები სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავენ”, – ამბობს გუნელ მეჰტიევა, აზერბაიჯანელი ფემინისტი და აქტივისტი, საინციატივო ჯგუფის, “თეთრი ხაზის” თანადამფუძნებელი.
გუნლარა მეჰტიევა და მისი გუნდი იმ ქალებს ეხმარებიან, რომლებიც ოჯახში მამების, ძმების ან ქმრების ძალადობას განიცდიან. ქალთა საინიციატივო ჯგუფი ფულს აგროვებს და მსხვერპლ ქალს დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფს, სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს, ასევე, ეხმარება სამსახურის მოძებნაში და ახალი ცხოვრების დაწყებაში.
აზერბაიჯანში მხოლოდ ერთადერთი თავშესაფარია, რომელიც დროებით იფარებს მსხვერპლ ქალებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “სუფთა სამყარო” აზერბაიჯანში უკვე ათი წელია არსებობს, თუმცა მისი თავშესაფრის ადგილები შეზღუდულია. ორგანიზაციას ერთდროულად მხოლოდ 50-60 ქალის შეფარება შეუძლია. როდესაც “სუფთა სამყაროს” რესურსები იწურება, საქმეში “თეთრი ხაზი” ერთვება, რომელიც სოციალურ ქსელებში აქტივობებით, მსხვერპლი ქალების საცხოვრისით დასახმარებლად, ცდილობს ფული შეაგროვოს.
საზოგადოებაც და ხელისუფლებაც, წესით, მადლიერი უნდა იყვნენ მსგავსი საინიციატივო ჯგუფებისა, რომლებიც ხშირად სიკვდილისგან იცავენ ქალებს. თუმცა პირიქით ხდება – ხელისუფლებაც და საზოგადოებაც ამ ორგანიზაციებში და ქალთა თავშესაფრებში “ეროვნული მენტალიტეტისთვის” და “ოჯახის ინსტიტუტისთვის” საფრთხეს ხედავენ.
8 მარტს, როდესაც საინციატივო ჯგუფი სხვა ფემინისტებთან ერთად ოჯახში ძალადობისა და “ღირსების სიკვდილის” წინააღმდეგ აქციის გამართვას ცდილობდა, პოლიციამ თითქმის ყველა მონაწილე დააპატიმრა და აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
მოგვიანებით დაკავებული ქალები გაათავისუფლეს, თუმცა საქმე ამით არ დასრულებულა. ხელისუფლებამ საინიციატივო ჯგუფის, “თეთრი ხაზის” წინააღმდეგ ნამდვილი “შავი პიარი” დაიწყო. ყველაზე თვალსაჩინო აქტივისტების – ნარმინ შაჰმარზადეს, გულნარა მეჰტიევას, ვაფა ნაგის სოციალური ქსელების ანგრიშებზე კიბერშეტევა დაიწყო. გავრცელდა ინტიმური ხასიათის ვიდეომასალები, ასევე, გაყალბებული მიმოწერები, სადაც ფემინისტები თითქოს საუბრობენ იმაზე, თუ როგორ იშოვონ ევროპიდან გრანტები “აზერბაიჯანელი ოჯახების განადგურების” ხარჯზე.
ამგვარად, აზერბაიჯანის ხელისუფლება შეეცადა საზოგადოებაც აემხედრებინა ფემინისტური მოძრაობის წინააღმდეგ, რომელიც ბოლო წლებში ძლიერდება და ეფექტურად მუშაობს.
უცნაურია, რომ ხელისუფლების ეს მცდელობა საზოგადოებაში აქამდე ლიბერალური ხედვების მქონე ზოგიერთი ცნობილი სახის, პუბლიცისტების, მწერლებისა და ჟურნალისტების მიერაც მხარდაჭერილია.
ხელისუფლების რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიაგამოცემა meydan.tv-ს ერთ-ერთი ავტორი, ყოფილი პოლიტიკური პატიმარი იადიგარ სადიღლი “ღირსების მკვლელობებთან” დაკავშირებით საკუთარ ფეისბუკ პოსტში წერდა, რომ “კარგად ესმის, რამდენად უჭირთ მამებსა და ძმებს საკუთარი ოჯახის წევრი ქალების მოკვლა, მაგრამ საზოგადოება აიძულებს მათ ეს ნაბიჯი გადადგან. ქალებისთვის ადვილია სათქმელად, რომ თავად ვინმეს “ღირსება” არ არიან, მაგრამ რეალურად სხვანაირადაა ყველაფერი”.
ამასთან დაკავშირებით ბევრი ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, მაგალითად, ხადიჯა ისმაილი წერდა, რომ იადგარ სადიღლის მოსაზრებაში პრობლემას ვერ ხედავს.
ცნობილი მწერალი ქერამეტ ბოუქჩელი კი აზერბაიჯანელ ფემინისტებს უწოდებს “მეძავებს, რომლებიც აზერბაიჯანული ოჯახის გასანადგურებლად ფულს იღებენ”.
მაინც რატომ ვერ ეგუება ხელისუფლება ფემინისტურ მოძრაობებს? სად ხედავენ ისინი საფრთხეს მაშინ, როდესაც საინიციატივო ჯგუფები ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხმარებიან და ხელისუფლების გასაკეთებელ საქმეს აკეთებენ?
“ხელისუფლებას, პირველ რიგში, არ მოწონს ის, რომ არსებობს ადამიანების ჯგუფი, რომლებიც საერთოდ რამეს აპროტესტებს, თავისუფლად გამოთქვემს აზრს და დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ეწინააღმდეგება. ფემინისტები ხელისუფლებისთვის არიან ადამიანები, რომლებზეც მათი კონტროლი არ ვრცელდება. ამასთან, ფემინისტებმა იმ საკითხების წამოწევა დაიწყეს, რომელზეც საუბარსაც საზოგადოება აქამდე ერიდებოდა, ფემინისტები მიუთითებენ ხელისუფლებას, ამხელენ მათ პატრიარქალურ პოლიტიკაში. ფემინისტები ცდილობენ ფეხზე დააყენონ ქალები, რომლებიც აქამდე პასიური იყვნენ და პოლიტიკურ ცხოვრებაშიც არ მონაწილეობდნენ. სწორედ ამიტომ “ჩვენ აზერბაიჯანის ხელისუფლების მტრებად ვიქეცით”, – ამბობს მეჰტიევა.