ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“სევილის” სიკვდილი აზერბაიჯანში 100 წლის შემდეგ

24 თებერვალი, 2021 • 2510
“სევილის” სიკვდილი აზერბაიჯანში 100 წლის შემდეგ

ავტორი: ნიკა მუსავი, აზერბაიჯანი


გასული რამდენიმე კვირა აზერბაიჯანში ქალების უფლებებისა და პრობლემების მორიგი განხილვით გამოირჩეოდა. იანვრის ბოლოს ბაქოში ნაგვის ყუთში ახალგაზრდა ქალის გვამი იპოვეს. როგორც გამოიძიებამ დაადგინა, ქალი მამამთილმა მოკლა. თებერვლის დასაწყისში კი გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ეთნიკური აზერბაიჯანელებით  დასახლებულ სოფელში, 14 წლის გოგოსა და 19 წლის ახლო ნათესავს შორის ნიშნობა შედგა, ასევე დისკუსიის საგანი გახდა აზერბაიჯანში. საზოგადოებას წინ ელოდა მორიგი შემზარავი ფაქტი.

აზერბაიჯანელმა აქტივისტმა გენდერის საკითხებში, გულნარ მეხტიევამ ფეისბუკზე ბაქოელ სტუდენტთან, სევილ ატაკიშიევასთან ორი წლის წინანდელი მიმოწერა გამოაქვეყნა.

“საკმარისია სახლში 10 წუთით გვიან დავბრუნდე, მამა “ბოზს” მეძახის, მემუქრება, რომ აღარ გამიშვებს სახლიდან და მომკლავს, თუ “შეცდომას” დავუშვებ. ამის გაკეთება შეუძლია, ვიცი. ჩვენს ოჯახში ასეთი რამ მომხდარა უკვე. მეუბნება, “ცოდვაზე” თუ დაგიჭერ, მოგკლავ, მანქანას გავყიდი და პოლიციისგან თავს დავისხსნიო. ერთხელ მეგობართან გადაღებული ფოტოს გამო მცემა. დედა და ბებიაც მის მხარეზე არიან, ძალა აღარ მყოფნის”, – წერდა 20 წლის სევილი აქტივისტს.

გულნარა მეხტიევამ ეს მიმოწერა მხოლოდ ახლა, ორი წლის შემდეგ გამოაქვეყნა, რადგან სევილი რამდენიმე დღის წინ ფანჯრიდან გადახტა. მასაც სევილი ერქვა, როგორც აზერბაიჯანელი დრამატურგის, ჯაბარლის პიესის გმირს, თუმცა მისგან განსხვავებით, ამ ამბავს ბედნიერი დასასრული არ ჰქონია.

აზერბაიჯანელი დრამატურგის, ჯაფარ ჯაბარლის ცნობილი ფრაზის პერეფრაზი ასეთია: “თუ დავიძინებ და ასი წლის შემდეგ გავიღვიძებ, და ვინმე მკითხავს, რა შეიძლება ხდებოდეს დღეს აზერბაიჯანში, მე ვუპასუხებ, რომ ისევ განიხილავენ ზნეობას და ქალწულობას”.

სანამ აზერბაიჯანელი ფემინისტები სოციალურ ქსელებში სიტყვით გამოდიან, კარიკატურისტები შთაბეჭდილებებს ხატავენ, ფეისბუკის აზერბაიჯანული სეგმენტი ისეთ საკითხებს განიხილავს, როგორიცაა: “რა დანაშაულის გამო გაიმეტეს ქალი; როდისაა მიზანშეწონილი მიაყენო ფიზიკური შეურაცხყოფა ქალს; რამდენად ნეგატიურად მოქმედებს სასკოლო განათლება გოგონების რეპროდუქციულ ფუნქციაზე და როგორც დავიცვათ ტრადიციები და ზნეობა გარყვნილებისგან და მათგან, რომლებიც სქესთა თანასწორობის იდეაზე გაჰყვირიან”.

კარგია, რომ დღეს არც დრამატურგი ჯაბარლია ცოცხალი და არც ჯალილ მამედკულიზადე, არც მირზა ფათალი ახუნდოვი, არც საბირი და სხვა აზერბაიჯანელი მწერლები, პოეტები და მე-19 საუკუნის ბოლოს და 20-ე საუკუნის დასაწყისში მცხოვრები განმანათლებლები. ისინი, დიდი ალბათობით, დამწუხრდებოდნენ იმის ნახვით, რომ ყველა ის პრობლემა, რომელსაც ისინი საკუთარ ნაწარმოებებში წარმოაჩენდნენ, ამ დრომდე აქტუალურია.

რა თქმა უნდა, ბოლო 100 წლის განმავლობაში აზერბაიჯანელმა ქალმა მოიხსნა ჩადრი, მიიღო საარჩევნო უფლება [რომელსაც პრაქტიკულად არ იყენებენ], სწავლის უფლება [რომლის საჭიროებაშიც ბევრს შეაქვს დღეს ეჭვი]. ბუნებრივმა ისტორიულმა პროცესმა საკუთარი როლიც შეასრულა, თუმცა, თუ შევადარებთ აზერბაიჯანის სასკოლო ლიტერატურას დღევანდელ ახალ ამბებსა და სოციალური ქსელებში მიმდინარე განხილვებს, მათ შორის დავნახავთ საშიშ მსგავსებას .

ოსკარ შმერლინგის კარიკატურა ადრეული ქორწინების თემაზე სატირული ჟურნალიდან “მოლა ნასრედინი” 1906

აზერბაიჯანში კვლავაც კლავენ “ღირსების სახელით”, დღესაც არსებობს “უბიწოების” კულტი, ქმრები უკრძალავენ ცოლებს მუშაობას და აკონტროლებენ მათ თითოეულ ნაბიჯს და ა.შ. ყოველივე ამას კი უწოდებენ “ეროვნულ-მორალურ ფასეულობებს”, რომელსაც დიდი ენთუზიაზმით იცავს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი.

მწერალი და დრამატურგი ჯაფარ ჯაბარლი, რომელიც 1899-1934 წლებში ცხოვრობდა, ამჟამინდელი საზომით, რადიკალი ფემინისტია. მისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი პატრიარქალური განწყობების, ქალების დისკრიმინაციის წარმოჩენას და კონსერვატიული საზოგადოების ნაკლოვანებების ჩვენებას ეთმობა.

ჯაბარლის მოთხრობა, რომელიც 1924 წელს დაწერა, დღესაც შეიძლება უცვლელი სახით გამოსცე, როგორც მწვავე და აქტუალური თანამედროვე ნაწარმოები.

სიუჟეტი ბანალურია  – სოფელში მცხოვრები გოგო ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე გაუპატიურების მსხვერპლი ხდება, ქორწილის პირველ ღამეს კი სკანდალი მოჰყვება. ქალის ტრაგედიაში დამნაშავეა არა მხოლოდ მოძალადე, არამედ თანასოფლელებიც, რომლებიც არცხვენენ ქალს. შეიძლება ითქვას, ნაწარმოები მსხვერპლის შერცხვენაზეა [Victim Blaming].

მოუხდებოდა კი ეს ისტორია დღევანდელობას? რა თქმა უნდა. მეტიც, მსგავსი ფაქტები სხვადასხვა ფორმით დღესაც ჩვეულებრივია, ისევე როგორც. “ქალწულობის” შემოწმების ტრადიციაც, რომელიც ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში ჯაბარლის მახინჯ ტრადიციად მიაჩნდა.

ჯაბარლის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები – პიესა “სევილი” (1928) დღეს აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების მიერ აგორებული ემანსიპაციის ღია კამპანიად ეჩვენებათ. პრინციპში, ასეც არის. თუმცა პროპაგანდა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ცუდს. მთავარი გმირი სევილი ქმარს მობეზრდება, სახლიდან აგდებს და შვილს ართმევს. სევილი სამუშაოდ მიდის მოსამსახურედ. მერე მოდიან ბოლშევიკები, სევილი ჩადრს იხდის, მიდის სასწავლებლად, კარიერას აიწყობს, ყოფილი ქმრის ცხოვრება კი ამასობაში თავდაყირა დგება. ამჟამად ზუსტად ასეთი სევილებითაა გადატენილი ქალთა თავშესაფრები აზერბაიჯანში.

დიახ, ჯაბარლი ემანსიპასციისთვის იბრძოდა და 20-იანი წლების დასაწყისიც აღმოსავლელი ქალების აქტიური გათავისუფლების პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა მან და სატირიკოსმა ჯალილ მამედკულიზადემ პატრიარქალური წყობისა და ობსკურანტიზმის კრიტიკა ჯერ კიდევ მანამდე დაიწყეს, სანამ ეს მეინსტრიმული გახდებოდა. მაგალითად, მამედკულიზადეს 1909 წელს გამოცემული პიესა “მკვდრები” რელიგიურ ფანატიზმს დასცინის.

აზერბაიჯანი საერო სახელმწიფოა და ამჟამინდელი ხელისუფლება, თუნდაც ფორმალურად, მაინც დისკრიმინაციისა და სოციუმში პატრიარქალური მიდგომების წინააღმდეგ გამოდის.

თუმცა თანამედროვე ლიტერატორები და “აღიარებული” ინტელიგენცია არ გამოირჩევიან მსგავს “უხერხულ თემებზე” საუბრის სურვილით.

აზერბაიჯანში მე-20 საუკუნის დასაწყისში განაცხადო, რომ ქალს აქვს უფლება, არ ატაროს ჩადრი და გააჩნია სწავლის უფლება, იმის ტოლფასია, რომ დღეს გამოხვიდე და სექსუალურ თავისუფლებაზე და ერთი სქესის ადამიანების ქორწინებაზე ისაუბრო; დაიცვა საზოგადოებაში ძალიან არაპოპულარული, თითქმის მკრეხელური იდეები და საზოგადოება შენ წინააღმდეგ განაწყო.

საუკუნის წინ ზემოთ ჩამოთვლილმა ავტორებმა უაღრესად დიდი გამბედაობა და პროგრესული აზროვნება გამოავლინეს, ვიდრე დღეს ჩვენი ბევრი თანამედროვე ახერხებს. ისინი არ ცდილობდნენ ყოფილიყვნენ “ხალხთან ახლოს”, არ ცდილობდნენ “ეროვნული მენტალიტეტის გათვალისწინებას” და საუბარს იმაზე, რისი მოსმენაც უმრავლესობას სურს.

დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აზერბაიჯანელი მწერალი კი მსჯელობს იმაზე, რომ ქალიც ადამიანია და უნდა განვითარდეს. ამბობს, რომ “წესიერ აზერბაიჯანელ ქალს უნდა ჰყავდეს სამი მამაკაცი: მამა, ქმარი და ვაჟიშვილი”. ის თითქოს ასე ხუმრობს, თუმცა აშკარა რევერანსს აკეთებს უმრავლესობის მიმართ.  მსგავსი რევერანსების გარეშე პრაქტიკულად არცერთი განცხადება არ ქვეყნდება საჯარო და ცნობილი პირების მხრიდან.

ბევრი ექსპერტი უფრო შორის წავიდა. მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი სექსოლოგი ინტერვიუში ამბობს, რომ აზერბაიჯანულ საზოგადოებას დასავლური აზროვნების მოდელით კვებავენ, რომ განქორწინება უკვე არ მიიჩნევა სირცხვილად, გოგონები აღარ არიან ისეთი მორიდებული და თავშეკავებული, როგორც ადრე, ზოგიერთი მათგანი კი უკვე სექსუალური თავისუფლებისკენ ისწრაფვის. ჰომოსექსუალებს კი, ექიმი გვთავაზობს, “თანაგრძნობით მივუდგეთ”.

საერთო სურათის შესაქმნელად საჭიროა, ამ კონტექსტში აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებს შევადაროთ. უკანასკნელი რამდენიმე საუკუნეა ერთსა და იმავე ისტორიულ პროცესებს გავდივართ და  ჩვენ შორის უფრო მეტია საერთო, ვიდრე ამას ვაღიარებთ ზოგჯერ. სამხრეთ კავკასია, ზოგადად, საკმაოდ კონსერვატიულია, თუმცა, თუ ზედაპირულ დაკვირვებებსა და სუბიექტურ შეგრძნებებს დავეყრდნობით, საქართველო ამ კუთხით მაინც ყველაზე პროგრესული ქვეყანაა რეგიონში.

რატომ აწყდება 21-ე საუკუნის დასაწყისის აზერბაიჯანი პრობლემებს, რომლებიც თითქოს საუკუნის წინანადელი ლიტერატურის ფურცლებზე უნდა დარჩეს?  ეს სერიოზული სოციოლოგიური კვლევის საგანია. ბევრი ამას განათლების სისტემას ან ქალთა მიმართ დანაშაულებისთვის არასაკმარისად მკაცრ კანონებს მიაწერს. შესაძლოა, აზერბაიჯანის საზოგადოებამ ეს ქარტხილები უნდა გამოიაროს, “გაიაზროს პრობლემა” და  “დაასრულოს პროცესი”, თუმცა მსგავსი გარდაქმნები ხდება ან სერიოზული რღვევების შედეგად, ან მათი ძალისხმევით, ვინც საზოგადოებაში  გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობს და მზად იქნება არაპოპულარული განცხადებებისთვის, რაც მწვავედ იქნება აღქმული.  თუმცა ნაკლებ სავარუდოა, რომ რომელიმე ავტორიტეტი აზერბაიჯანში ამ როლისკენ ისწრაფოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი