ახალი ამბები

პოლიტიკაში კარგი სტარტისთვის მთავარს მიხვდნენ, რომ გრიგოლიას ირმა კი არა, ინგა ჰქვია – წულუკიანი გახარიას გუნდზე

16 აპრილი, 2021 •
პოლიტიკაში კარგი სტარტისთვის მთავარს მიხვდნენ, რომ გრიგოლიას ირმა კი არა, ინგა ჰქვია – წულუკიანი გახარიას გუნდზე

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება ექს-პრემიერ გიორგი გახარიას თანაგუნდელების “ტვ პირველზე”, ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობას, მას შემდეგ, რაც  “ქართული ოცნება” დატოვეს.

წულუკიანის თქმით, გახარიას თანაგუნდელები “ყველაზე  მთავარს” მიხვდნენ, რომ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ირმა არ ჰქვია. წულუკიანმა ამ ფორმით მიანიშნა ინგა გრიგოლიას გადაცემაში ორი წლის წინ გიორგი გახარიას სტუმრობაზე, როდესაც გახარიამ ჟურნალისტს ინგას ნაცვლად ირმა დაუძახა.

“მე ვფიქრობ, რომ ეს იყო უაღრესად საინტერესო ეთერი. მე ვუსმინე მათ და კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ისინი მიხვდნენ ყველაზე მთავარს, რაც კი არის დღეს იმისთვის, რომ პოლიტიკაში კარგი სტარტი გქონდეს[…] მაგალითად იმას, რომ გრიგოლიას ირმა კი არა, ინგა ჰქვია”, — განაცხადა წულუკიანმა.


14 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდის ექვსმა წევრმა “ქართული ოცნება” დატოვა. ისინი ამბობენ, რომ გიორგი გახარიასთან ერთად ახალი პარტიის შექმნას იწყებენ.

დღეს “ქართული ოცნება” დატოვეს შემდეგმა დეპუტატებმა:

  • გიორგი ხოჯევანიშვილმა (გორი – კასპის მაჟორიტარი)
  • ალექსანდრე მოწერელიამ (წალენჯიხა-მარტვილი-ჩხოროწყუს მაჟორიტარი)
  • ბექა ლილუაშვილმა (გახარიას ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში)
  • შალვა კერსელიძემ (მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი)
  • ანა ბუჩუკურმა (პრემიერის აპარატის ყოფილი უფროსი)
  • მიხეილ დაუშვილმა (ყოფილი ბიზნესომბუდსმენი)

2019 წლის 20 ივნისს სპეცრაზმმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაარბია. იმ დროს შს მინისტრი სწორედ გიორგი გახარია იყო. დარბევის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტების გარდა, გახარიას გადადგომას ოპოზიციაც ითხოვდა, თუმცა ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დააწინაურეს. გახარიამ პრემიერის პოსტი მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი