ახალი ამბები

აქტივისტი პოლიციელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

15 აპრილი, 2021 • 1025
აქტივისტი პოლიციელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

სამოქალაქო აქტივისტი რუსკა მჭედლიძე, რომელიც 14 აპრილს თბილისში, შსს-ს შენობასთან დააკავეს, პოლიციელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა და დაასახელა პოლიციელის ვინაობაც, რომელიც, მისი თქმით, ინციდენტში მონაწილეობდა.

“როცა მივედით უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, ხელბორკილი დამადო უკანა მხარეს… რომ ვუთხარი, ხელები მტკივა და ხელბორკილი უკან გამიხსენი და წინ შემიკარი- მეთქი, მითხრა, მოდი, მოგეფერები და აღარ გეტკინებაო. თვითონ განმიმარტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ეს საქციელი რას ნიშნავს ვიცე-პოლკოვნიკ ცოტნე ჯაფარიძის მხრიდან”, — დასძენს მჭედლიძე “მთავარ არხთან” საუბრისას.

აქტივისტის მონაყოლთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” შსს-ს დაუკავშირდა. უწყების პასუხის მისი მიღებისთანავე მოგაწვდით.

სამოქალაქო აქტივისტები შსს-ს შენობასთან 14 აპრილს, აქტივისტ გიორგი მუმლაძის დაკავების შემდეგ მივიდნენ. მუმლაძე და კიდევ რამდენიმე პირი პოლიციამ რამდენიმე საათით ადრე “ქართული ოცნების” ოფისთან დააკავა, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ.

მუმლაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო: მას პოლიციის თანამშრომლებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობის გაწევასა და ფიზიკური შეურაცხყოფას ედავებიან.

აქტივისტები შსს-ს შენობასთან სწორედ მუმლაძის მხარდასაჭერად მივიდნენ. პოლიციამ იქაც დააკავა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, რუსკა მჭედლიძე.

ადგილზე დაკავებული კიდევ ერთი პირი — დავით კაპანაძე — ამბობს, რომ პოლიციელმა დაკავების შემდეგ თვალში ხელბორკილი ჩაარტყა. მომხდარზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.

აქტივისტი ამბობს, რომ პოლიციელმა თვალში ხელბორკილი ჩაარტყა

მასალების გადაბეჭდვის წესი