ახალი ამბები

“ოცნების” ოფისთან დაკავებულ მუმლაძეს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

14 აპრილი, 2021 •
“ოცნების” ოფისთან დაკავებულ მუმლაძეს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი მუმლაძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდება 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, “ქართული ოცნების” ოფისთან დღეს, 14 აპრილს გამართულ აქციაზე მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 აპრილს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გ.მ-მ პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა .

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს”, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

აქტივისტის დაკავების ფაქტს სამოქალაქო მოძრაობა “დროას” დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ეხმაურება და აცხადებს, რომ მუმლაძის დაკავებით ვერც თავად მას და ვერც მათ ბრძოლას ხელისუფლება ვერაფერს დააკლებს.

“თავხედობის ახალ სიმაღლეზე გადავიდა ოცნება და მათი პოლიცია. პირველივე დაკავებაზე მახსოვს, როგორ დაუზიანეს ფეხები გიორგი მუმლაძეს. მერე მუდმივად ურტყამდენ. და ახლა რომ ახრჩობდა თავხედი პოლიციელი, გიორგის თურმე უკბენია. ძალიანაც კაი!
სისხლით გასამართლება გადაწყვიტეს:-) ვერც გიორგის დააკლებთ რამეს და ვერც ზოგადად აქტივისტურ ბრძოლას”,-წერს Facebook-ზე ხოშტარია.

თავხედობის ახალ სიმაღლეზე გადავიდა ოცნება და მათი პოლიცია. პირველივე დაკავებაზე მახსოვს როგორ დაუზიანეს ფეხები გიორგი…

Posted by Helen Khoshtaria on Wednesday, April 14, 2021

დღეს, 14 აპრილს, მმართველი პარტიის ოფისთან 5 აქტივისტი, მათ შორის, გიორგი მუმლაძე დააკავეს. აქტივისტები აქციაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვდნენ. შსს-ში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი