ახალი ამბები

გავიდა ათწლიანი ვადა — თბილისი ჰააგაში ომის საქმის განახლების სტრატეგიაზე დუმს

16 აპრილი, 2021 • 1669
გავიდა ათწლიანი ვადა — თბილისი ჰააგაში ომის საქმის განახლების სტრატეგიაზე დუმს

მიმდინარე წლის პირველ აპრილს ამოიწურა ათწლიანი ვადა, რა პერიოდშიც საქართველოს ჰქონდა საშუალება, ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე მიემართა გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის საქმის განახლებასთან დაკავშირებით.

წლების წინ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური პოზიცია იყო, რომ შეეცდებოდა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოეყენებინა, როგორც ახალი გარემოება გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის საქმის განახლებისთვის.

ICJ-ის წესდების თანახმად, ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე ერთსა და იმავე საქმეზე სასამართლოსთვის მიმართვის უფლება მხარეს ამ გადაწყვეტილების გამოვლენიდან 6 თვის, პირველი გადაწყვეტილებიდან კი 10 წლის განმავლობაში აქვს. ეს ვადა სწორედ 2021 წლის პირველ აპრილს ამოიწურა, თუმცა იუსტიციის სამინისტრო საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ დუმს.

“საქართველო რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ გამოიყენებს ყველა მექანიზმს საერთაშორისო სასამართლოების სახით, მათ შორის, გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსაც. რაც შეეხება იმას, როდის და როგორ მოხდება ამ მექანიზმების გამოყენება, ეს სამართლებრივი სტრატეგიის ნაწილია”, — ამ მცირე კომენტარით შემოიფარგლა იუსტიციის სამინისტრო “ნეტგაზეთთან” და არ უპასუხა დამატებით კითხვებს, მათ შორის, ახალი გარემოების საფუძვლით მიმართვის ვადის ამოწურვის შესახებ. შესაბამისად, ბუნდოვანი დარჩა, საქმის განახლების რა მექანიზმი არსებობს და რა გეგმას აქვს იუსტიციის სამინისტროს.

წინაისტორია

2008 წლის 12 აგვისტოს საქართველომ ჰააგაში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომელიც ეხებოდა რუსეთის მიერ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) საერთაშორისო კონვენციით დადგენილი ნორმების დარღვევას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტოს პერიოდის ჩათვლით განხორციელებული ინტერვენციებისას.

2011 წლის პირველ აპრილს სასამართლომ უარი თქვა საქმის არსებით განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ ქართულ მხარეს არ ამოუწურავს CERD-ის კონვენციით გათვალისწინებული მოლაპარაკებების მექანიზმი და სასამართლოს “არ გააჩნია უფებამოსილება განიხილოს საქართველოს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილი სარჩელი”.

თუ საქართველოს სურდა ICJ-ში საქმის გაგრძელება, სასამართლო უნდა დაერწმუნებინა მოლაპარაკებების რესურსის ამოწურვაში.

ინფორმაცია იმის შესახებ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს რეკომენდაციების შესასრულებლად რა ნაბიჯები გადადგა ქართულმა მხარემ და შედგა თუ არა რუსეთის ფედერაციასთან საკითხის ირგვლივ კომუნიკაცია, Factcheck-მა ოფიციალური უწყებებისგან ჯერ კიდევ 2017 წელს გამოითხოვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხის თანახმად: „2011-2014 წლებში რუსეთის ფედერაციასთან არაერთი კომუნიკაცია შედგა, რომელშიც კონვენციით გათვალისწინებული წინასასამართლო მექანიზმების ამოწურვასთან დაკავშირებული საკითხები იყო განხილული. 2014 წელს გაიგზავნა ბოლო ნოტა, რომლითაც საქართველომ აცნობა რუსეთის ფედერაციას, რომ CERD-ის კონვენციასთან დაკავშირებით წამოჭრილი დავის თაობაზე საქართველოს მთავრობა მას შემდეგ გააგრძელებს საკითხზე მუშაობას, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთ-საქართველოს დავის წერილობითი მოსაზრებები და მომდევნო ზეპირი განხილვები შედგება“.

იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ICJ-ში საქმის შეტრიალებას ერთადერთ მექანიზმად ახალი გარემოების გამოვლენა რჩებოდა.

“ჩვენ გვაქვს ასეთი სტრატეგია — სტრასბურგში როდესაც ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, შემდეგ გვაქვს რამდენიმე სცენარი განხილვაში, რომ ეს, 2011 წელს სამარცხვინოდ წაგებული დავა, როგორმე შევატრიალოთ და სტრასბურგის გადაწყვეტილება გამოვიყენოთ როგორც ახალი გარემოება. რადგან იმ გადაწყვეტილების, რომლითაც საქართველოს ყოფილი ხელისუფლება ჰააგიდან დაბრუნდა, ერთადერთი შებრუნების მექანიზმი არის ახალი გარემოება, რომლის საფუძველზე მე უნდა ვცადო მაინც, რომ საქმე შევატრიალო”.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) დიდი პალატის გადაწყვეტილება აგვისტოს ომის სახელმწიფოთაშორის დავაზე “საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ” 2021 წლის 21 იანვარს გამოცხადდა. სასამართლომ დიდწილად გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის ფედერაციის მიერ კონვენციის ისეთი მუხლების დარღვევა, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, გადაადგილების თავისუფლება. ასევე თქვა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია პროცედურულ დარღვევებზეც, ვინაიდან უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება და სასამართლოსთან თანამშრომლობა.

“სარჩელი მზად არ არის”

იურისტი ლევან მესხორაძე, რომელიც 2008-2016 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი, ვერ ხედავს კავშირს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასა და ჰააგის სასამართლოში საქმის განახლებას შორის. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ უნდა განმარტოს, რას გულისხმობს ახლად გამოვლენილ გარემოებაში.

“არ ვიცი, იუსტიციის სამინისტროს ამ განცხადების უკან რა სამართლებრივი ნიუანსები და არგუმენტები დგას, იურისპრუდენციას კი არ უყვარს გამოცნობა — როცა რაღაც პოზიციას აცხადებს, საჭიროა კონკრეტულ არგუმენტებზე და სამართლებრივ საკითხებზე აპელირება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, თავისი ღირებულება აქვს და შეიძლებოდა, გავლენა მოეხდინა ჰააგაში, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ბევრი რამე დადგენილია ევროპული სასამართლოს მიერ. მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო საერთოდ არ შესულა საქმის არსებით განხილვაში, არ უმსჯელია, დაარღვია თუ არა რუსეთმა რასობრივი დისკრიმინაციის კონვენციის ერთი ან რამდენიმე მუხლი.

საქმე ეხებოდა მხოლოდ პროცესუალურ კომპონენტს, კერძოდ იმას, რომ საქართველოს მხარემ არ შეასრულა ის წინაპირობები [არ ამოუწურავს მოლაპარაკების მექანიზმი], რასაც სასამართლო ითხოვს საქმის არსებითად განსახილველად. ევროპულმა სასამართლომ რომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მასობრივ დარღვევებს აგვისტოს ომის პერიოდში და მას შემდგომ ეს ვერ იქნება გამოყენებული, როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოება, იმ დროს, როდესაც ICJ-ს თავის დროზე ამაზე არ უმსჯელია”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” ლევან მესხორაძემ.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც, მესხორაძის აზრით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ იქნება მიჩნეული, როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოება, ჰააგის სასამართლოს სტატუტის მიზნებისთვის, იმაში მდგომარეობს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებად ითვლება ისეთი გარემოება, რომელიც არ იყო ცნობილი, მაგრამ არსებობდა გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის. მესხორაძე მიუთითებს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკაზე საქმეზე “ბოსნია-ჰერცოგოვინა იუგოსლავიის წინააღმდეგ”, რომლის მიხედვითაც, ახლად აღმოჩენილი გარემოება არ შეიძლება იყოს ისეთი გარემოება, რომელიც მოხდა გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.

“საქართველოს შემთხვევაში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც შემდეგ იქნა მიღებული, რაც ჰააგის სასამართლომ იმსჯელა. ამიტომ, რომც არსებობდეს ახლად აღმოჩენილი გარემოება, ამ პრეცედენტის საფუძველზე ქართულ მხარეს გაუჭირდება ამ მიმართულებით სვლა”, — ამბობს მესხორაძე.

ლევან მესხორაძის აზრით, რადგან ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე საქმის განახლებისთვის გათვალისწინებული 10 წელი გავიდა, ვუბრუნდებით რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის 22-ე მუხლი გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საკითხს.

CERD-ის კონვენციის 22-ე მუხლი
კონვენციის მონაწილე ორ ან მეტ სახელმწიფოს შორის კონვენციის ინტერპრეტაციის გამო არსებული ნებისმიერი დავა, რომელიც არ მოგვარდა ორმხრივი მოლაპარაკებით, ან ამ კონვენციით გათვალისწინებული სხვა პროცედურით, დავის ნებისმიერი მონაწილის თხოვნით, გადასაწყვეტად უნდა გადაეცეს საერთაშორისო სასამართლოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის მონაწილეები სხვაგვარად შეთანხმდებიან.

“სასამართლო იმ შემთხვევაში მიიჩნევს 22-ე მუხლის პირობას დაკმაყოფილებულად, თუ მოლაპარაკების გაგრძელებას არ აქვს პერსპექტივა ან მოლაპარაკების შედეგად არ დადგა შედეგი. მიუხედავად მთელი რიგი არგუმენტებისა, რომელიც საქართველომ წარადგინა, 2011 წელს სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დაკმაყოფილებულა 22-ე მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმი და საქმე არსებით განხილვაში არ მიიღო. ამის შემდეგ საქართველოს მხარეს შეეძლო, გაეგრძელებინა მუშაობა და ეწარმოებინა მოლაპარაკებები კონვენციის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, მხოლოდ რამდენიმე კომუნიკაცია შედგა მხარეებს შორის და ინტენსიური სამუშაო არ ჩატარებულა. შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობით, მოლაპარაკებები არ შემდგარა. რამდენიმე კომუნიკაცია საკმარისი არაა, რომ მოლაპარაკებების რესურსი კონვენციის მოთხოვნისამებრ სრულად ამოწურულად ჩავთვალოთ და შევბრუნდეთ სასამართლოში. მე ვფიქრობ, რომ საქმე ამ კუთხით არ არის მზად”, — ამბობს მესხორაძე.

მესხორაძის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2011 წლიდან დიდი დროა გასული და დრო მოსარჩელის საწინააღმდეგოდ მუშაობს.

“როცა საქმე სამართალწარმოების ინიცირებას ან განახლებას ეხება, სამართალში მოქმედებს სისწრაფის და გულმოდგინების პრინციპი. სწრაფად მოქმედების და გულმოდგინების პრინციპი სამართლის ზოგადი პრინციპია, რომელიც განიხილება საქმის კონკრეტული გარემოებების მიხედვით. მართალია, კონვენცია ამ კუთხით არაფერს ამბობს, მაგრამ ცალსახად გასათვალისწინებელი იყო და არის ეს პრინციპები”, – ამბობს მესხორაძე და დასძენს, რომ “თუ დარჩენილია საქმის განახლების სივრცე, ბევრი ფიქრი და ნელა მუშაობა პროცესს არ წაადგება, პირიქით — დააზიანებს”.

ICJ-ის შესახებ

ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ), რომელიც 1945 წელს დაარსდა, გაეროს ძირითადი სამართლებრივი ორგანოა და განიხილავს სახელმწიფოთაშორის დავებს, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას ეხება. სასამართლო დაკომპლექტებულია გაეროს გენერალური ასამბლეის და უშიშროების საბჭოს მიერ 9 წლის ვადით არჩეული 15 მოსამართლით.

გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საკითხი შემხებლობაშია ჰააგაში განლაგებულ ორ სასამართლოსთან, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ) არ უნდა აგვერიოს რომის სტატუსის საფუძველზე შექმნილ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC), სადაც პროკურორ ფატუ ბენსუდას ხელმძღვანელობით მიმდინარეობს გამოძიება რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ) თუ სახელმწიფოთაშორის დავებს განიხილავს, ICC  — დანაშაულის ჩამდენი პირების ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ადგენს.

ამ თემაზე:

სტრასბურგის განაჩენი აგვისტოს ომის საქმეს გაერო-ს სასამართლოში დააბრუნებს?

ICJ-ში საქმის დაბრუნებას გადავწყვეტთ, თუ მოგების წინაპირობებში დავრწმუნდებით – ლორთქიფანიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი