ახალი ამბები

სტრასბურგის განაჩენი აგვისტოს ომის საქმეს გაერო-ს სასამართლოში დააბრუნებს?

25 იანვარი, 2021 • 2730
სტრასბურგის განაჩენი აგვისტოს ომის საქმეს გაერო-ს სასამართლოში დააბრუნებს?

საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად გაცხადებული ჰქონდა, რომ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, შეეცდებოდა “საქმის შებრუნებას” გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ), რომელმაც საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილი სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. “ნეტგაზეთი” დაინტერესდა, დგას თუ არა ეს განზრახვა დღის წესრიგში ახლა, როცა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ვერდიქტი ცნობილია, ჰააგის ტრიბუნალში განმეორებითი განაცხადის შეტანის ვადა კი მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს იწურება.

რა სარჩელზეა საუბარი?

ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ), რომელიც 1945 წელს დაარსდა, გაერო-ს ძირითადი სამართლებრივი ორგანოა და განიხილავს სახელმწიფოთაშორის დავებს, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას ეხება. სასამართლო დაკომპლექტებულია გაერო-ს გენერალური ასამბლეის და უშიშროების საბჭოს მიერ 9 წლის ვადით არჩეული 15 მოსამართლით.

გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საკითხი შემხებლობაშია ჰააგაში განლაგებულ ორ სასამართლოსთან, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ) არ უნდა აგვერიოს რომის სტატუსის საფუძველზე შექმნილ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC), სადაც პროკურორ ფატუ ბენსუდას ხელმძღვანელობით მიმდინარეობს გამოძიება რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ) თუ სახელმწიფოთაშორის დავებს განიხილავს, ICC  — დანაშაულის ჩამდენი პირების ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ადგენს.

საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ისე — ჰააგაში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში. ამ უკანასკნელ სარჩელში საქართველო საუბრობდა არა მარტო აგვისტოს ომზე, არამედ რუსეთის როლზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში განვითარებულ პროცესებში 1990-იანი წლებიდან და მოსკოვს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) 1965 წლის საერთაშორისო კონვენციით აღებული ვალდებულებების დარღვევაში ადანაშაულებდა.

საპასუხოდ 2009 წლის ბოლოს რუსეთმა, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივოქმედი წევრია, ICJ-ში შეიტანა ორი შუამდგომლობა, რომ მართლმსაჯულების სასამართლოს იურისდიქციაში არ შედიოდა საქართველოს სარჩელის განხილვა, რადგან:

  1. რუსეთი არ წარმოადგენა მხარეს საქმეში;
  2. საქართველომ დაარღვია CERD-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურა და სარჩელის შეტანამდე მოპასუხე მხარესთან მოლაპარაკების ეტაპი გაუვლია.  

სასამართლომ არ გაიზიარა პირველი შუამდგომლობა, მიიჩნია რა, რომ რუსეთი რეალურად იყო ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით დავის მხარე, თუმცა ამის დოკუმენტურად დადასტურება შესაძლებელი იქნებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდიდან და არა — მანამდე. სასამართლომ გაიზიარა რუსეთის მეორე არგუმენტი და 2011 წლის 1-ელ აპრილს უარი თქვა საქმის არსებით განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს არ ამოუწურავს CERD-ის კონვენციით გათვალისწინებული მოლაპარაკებების მექანიზმი და სასამართლოს “არ გააჩნია უფებამოსილება განიხილოს საქართველოს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილი სარჩელი”.

ურთიერთბრალდებები წარუმატებლობაზე

თუ საქართველოს სურდა ICJ-ში საქმის გაგრძელება, სასამართლო უნდა დაერწმუნებინა მოლაპარაკებების რესურსის ამოწურვაში. უნდა ითქვას, რომ საქართველოს ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებები შესაძლებლობის გამოუყენებლობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

“ადეიშვილი იყო მაშინ მინისტრი და მისი მოადგილე თინა ბურჯალიანი, რომელიც იცავდა ამ საქმეს და 2011 წელს რუსეთის წინააღმდეგ დავაში ისინი დამარცხდნენ. თემა არის ასეთი, 2011 წელს წინა ხელისუფლების მიერ შეტანილმა სარჩელმა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში განიცადა მარცხი იმიტომ, რომ საქმე იყო მოუმზადებელი”, – აცხადებდა წარსულში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

იუსტიციის ყოფილი მინისტრის კიდევ ერთი განცხადებით, “თინა ბურჯალიანს ურჩევნია, მიხედოს ჰააგის იმ დავას, რომელიც სამარცხვინოდ წააგო საერთაშორისო სასამართლოში და საქართველოს დაუკარგა შანსი, ცხინვალის რეგიონში ეთნიკური წმენდა დაგვადასტურებინა. უბრალოდ დასაშვებობის კრიტერიუმი ვერ დაიცვა”.

თინა ბურჯალიანი არ იზიარებს შეფასებას, სარჩელის არაკომპეტენტურად შედგენასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ საქმის წაგებაზე აპელირება ტყუილია (სასამართლოს არსებითი განხილვის ეტაპზე არც გადასულა). ბურჯალიანის განმარტებით, საქართველომ რუსეთს უჩივლა 12 აგვისტოს, როდესაც ქართული სოფელები ჯერ კიდევ იწვოდა და უპრეცედენტოდ სწრაფად, სექტემბერში მიიღო სხდომა, სადაც რუსეთს დაეკისრა ეთნიკური წმენდის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული მისიების შეშვების ვალდებულება.

ჰააგასთან დაკავშირებით მინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთო: ჩვენ მართმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში რუსეთს…

Posted by Tina Burjaliani on Tuesday, 7 July 2015

“გახსოვთ შევარდნაძის ხელისუფლების მუდმივი აპელირება “სეპარატისტებზე” და რუსეთის პოზიტიური ჩარევის იმედზე ყოფნა. ეს ყველაფერი წინ დაგვხვდა 2008 წელს. საჭირო გახდა რუსეთის წინააღმდეგ ეთნიკური წმენდის პრეტენზიის ცალსახა დაფიქსირება და მოლაპარაკების მცდელობა. ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხის სამართლებრივი მოგვარება, რათა სწრაფად მივბრუნებულიყავით უკან სასამართლოში. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააგზავნა რამდენიმე ნოტა. 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა და ეს პროცესი გაჩერდა “რუსეთთან ურთიერთობის დალაგების” მოტივით”, – აცხადებს ბურჯალიანი.

სტრასბურგის გადაწყვეტილება ICJ-ში საქმის შესაბრუნებლად?

21 იანვარს გამოცხადდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) დიდი პალატის გადაწყვეტილება აგვისტოს ომის სახელმწიფოთაშორის დავაზე “საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ”. სასამართლომ დიდწილად გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის ფედერაციის მიერ კონვენციის ისეთი მუხლების დარღვევა, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, გადაადგილების თავისუფლება, ასევე თქვა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია პროცედურულ დარღვევებზეც, ვერ უზრუნველყო რა ეფექტიანი გამოძიება და სასამართლოსთან თანამშრომლობა.

ხელისუფლება, ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, იურისტების ჩათვლით, თანხმდება, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს წაადგება სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე, როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ კონტექსტში.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ მიმართა “ქართულ ოცნებას” კითხვით, აპირებს თუ არა ის, რომ საქართველოს დავა რუსეთის წინააღმდეგ დააბრუნოს მარლთმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება იძლევა შესაძლებლობას, რომ გააქტიურებული იქნას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თემა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, გააქტიურდეს ევროპის საბჭოს რეზოლუციები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის საქართველო-რუსეთის დავა გაერო-ს მარლთმსაჯულების სასამართლოში… მივმართავთ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, გააკეთოს კონკრეტული განმარტება, პირველი იმაზე, რომ აპირებს თუ არა, რომ ეს სამართლებრივი დავა რუსეთის წინააღმდეგ დააბრუნოს მარლთმსაჯულების სასამართლოში. ისინი ამბობდნენ, რომ ელოდებოდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას. რაკი სტრასბურგმა მიიღო გადაწყვეტილება, აპირებენ თუ არა ამ 2-3 თვის განმავლობაში, რომ ეს დავა დააბრუნონ მართლმსაჯულების სასამართლოში”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისი აზრით, ხელისუფლებამ უნდა განმარტოს, წლების განმავლობაში რატომ არ გამოიყენა კონკრეტული მექანიზმები, რომლებზეც სასამართლომ მიუთითა და რატომ შეწყვიტა დიალოგი დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ინფორმაცია იმის შესახებ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს რეკომენდაციების შესასრულებლად რა ნაბიჯები გადადგა ქართულმა მხარემ და შედგა თუ არა რუსეთის ფედერაციასთან საკითხის ირგვლივ კომუნიკაცია, Factcheck-მა ოფიციალური უწყებებისგან ჯერ კიდევ 2017 წელს გამოითხოვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხის თანახმად: „2011-2014 წლებში რუსეთის ფედერაციასთან არაერთი კომუნიკაცია შედგა, რომელშიც კონვენციით გათვალისწინებული წინასასამართლო მექანიზმების ამოწურვასთან დაკავშირებული საკითხები იყო განხილული. 2014 წელს გაიგზავნა ბოლო ნოტა, რომლითაც საქართველომ აცნობა რუსეთის ფედერაციას, რომ CERD-ის კონვენციასთან დაკავშირებით წამოჭრილი დავის თაობაზე საქართველოს მთავრობა მას შემდეგ გააგრძელებს საკითხზე მუშაობას, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთ-საქართველოს დავის წერილობითი მოსაზრებები და მომდევნო ზეპირი განხილვები შედგება“.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ICJ-ში საქმის შეტრიალების სტრატეგიაზე საუბრობდა იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანიც.

“როგორ უნდა “შებრუნდეს” ეს საქმე? ჩვენ გვაქვს ასეთი სტრატეგია — სტრასბურგში როდესაც ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, შემდეგ გვაქვს რამდენიმე სცენარი განხილვაში, რომ ეს, 2011 წელს სამარცხვინოდ წაგებული დავა, როგორმე შევატრიალოთ და სტრასბურგის გადაწყვეტილება გამოვიყენოთ, როგორც ახალი გარემოება. რადგან იმ გადაწყვეტილების, რომლითაც საქართველოს ყოფილი ხელისუფლება ჰააგიდან დაბრუნდა, ერთადერთი შებრუნების მექანიზმი არის ახალი გარემოება, რომლის საფუძველზე მე უნდა ვცადო მაინც, რომ საქმე შევატრიალო”, – აცხადებდა წულუკიანი.

“ნეტგაზეთმა” იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილს ჰკითხა, ახლა როცა სტრასბურგის გადაწყვეტილება ცნობილია, ისევ განიხილავს თუ არა საქართველო მის გამოყენებას გაერო-ს მართლმსაჯულების სასამართლოში საქმის ხელახლა შეტანისთვის. ძამაშვილის თქმით, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჯერჯერობით არ შეუძლია, რადგან საკითხი კარგად შესასწავლი და გასაანალიზებელია სტრასბურგის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

რამდენად წაადგება EHRC-ის გადაწყვეტილება საქართველოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, დისკუსიის საგანია იურისტებისთვისაც. ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” თანამშრომელმა გიორგი ჩიტიძემ “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ ამ პროცესს შესაძლოა ხელი შეუწყოს, მაგრამ პირდაპირი კორელაცია არ არსებობს.

გოჩა ლორთქიფანიძის კვალიფიკაციას ენდობა და მის გადაწყვეტილებას ელოდება თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

“არ გვინახავს გადაწყვეტილების სრული ვერსია და დასაბუთება, თუ რის საფუძველზე გვითხრა ჰააგის სასამართლომ უარი და რა მტკიცებულებები გვაკლდა, თუმცა სარეზოლუციო ნაწილი ყველას წაკითხული გვაქვს. ამიტომ გამიჭირდება პასუხი, რა გვაკლდა მაშინ და ახლა დამატებით საფუძველი თუ შექმნა სტრასბურგის გადაწყვეტილებამ, თუმცა აბსოლუტური რწმენით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს დღეს ჰყავს იუსტიციის მინისტრი, რომლის კვალიფიკაციის მქონე იურისტი საერთაშორისო სასამართლოებში სამართალწარმოების საქმეებში ამ ქვეყანაში არათუ არასდროს მინისტრი არ ყოფილა, მისი მსგავსი კვალიფიკაციის არავინ არ არის. ასე რომ, თუ რამე შესაძლებელია ამ თვალსაზრისით, გარწმუნებთ, რომ გოჩა ლორთქიფანიძე ამას აუცილებლად გააკეთებს. ამიტომ მის პოზიციას დაველოდები, რა გეგმა აქვთ შემდეგი კვირების განმავლობაში”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ხიდაშელმა.

აგვისტოს ომის საქმის ICJ-ში ხელმეორედ შეტანის საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს ცოტა დრო აქვს. საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს წესდების თანახმად, მხარეს ერთსა და იმავე საქმეზე, ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე სასამართლოსთვის მიმართვის უფლება პირველი გადაწყვეტილებიდან 10 წლის განმავლობაში აქვს. ეს ვადა საქართველოსთვის 2021 წლის აპრილამდეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი