ახალი ამბები

ამერიკული ხომალდები შავ ზღვაში აღარ შემოვლენ – თურქული მედია

15 აპრილი, 2021 •
ამერიკული ხომალდები შავ ზღვაში აღარ შემოვლენ – თურქული მედია

თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკული ხომალდები, რომლებიც შავ ზღვაში უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირების პარალელურად უნდა შემოსულიყვნენ, აღარ შემოვლენ.

თურქული მედია “დიპლომატიურ წყაროებს” ეყრდნობა, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ანკარაში შეატყობინა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეცვლილი გადაწყვეტილების შესახებ, თუმცა არ განუმარტავს მიზეზი.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, Anadolu-ს თანახმად, თურქულ მხარეს არ მიუღია რაიმე ახალი შეტყობინება იმის შესახებ, აპირებს თუ არა მომავალში ამერიკის შეერთებული შტატები ხომალდების შავ ზღვაში შემოსვლის შეტყობინების გაგზავნას ანკარისთვის.

თავდაპირველად ხომალდების შემოსვლის შესახებ ინფორმაცია ამერიკულმა CNN-მა გაავრცელა, რომლის ინფორმაციის წყაროც ამერიკული თავდაცვის სამინისტროდან იყო. ინფორმაცია მალევე გავრცელდა თურქულ მედიაშიც და ცნობილი გახდა, რომ გემები ორი კვირით, 14-15 აპრილს შემოვიდოდნენ.

რა ხდება დონბასში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა მოსალოდნელი აგრესიისთვის.

მისივე განცხადებით, 2014 წლიდან მოყოლებული, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შანსი რეალურია. “ჩვენ ეს ვიცით. ეს [თავდასხმა] შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დღეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

დღეს ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის მხარდასაჭერად კიევში გაემგზავრნენ. კიევს მხარდაჭერა გამოუცხადა სხვა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომაც, რომელმაც განაცხადა, რომ ელჩს, რომელიც აქამდე თბილისში ჰყავდა გამოწვეული, უკანვე დააბრუნებს.

პარალელურად, აღმოსავლეთ უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში სროლები გრძელდება. უკრაინული მხარის განცხადებით, მარტის ბოლოდან მოყოლებული, მხარეებს შორის ცეცხლის გახსნის ფაქტები ყოველდღიურად ფიქსირდება, რასაც მსხვერპლიც ახლავს თან.

უკრაინული მხარის ცნობებით, 2021 წელს, არასრულ 4 თვეში, უკვე გარდაიცვალა 2020 წელს დაღუპულ უკრაინელ სამხედროთა ნახევარზე მეტი. კიევის მტკიცებითვე, რუსეთის ფედერაციას მობილიზებული ჰყავს 80 000 სამხედრო ვორონეჟის მხარესა და ოკუპირებულ ყირიმში.

ამერიკული გამოცემა New York Times-ის ვიზუალური გამოძიების ჯგუფის საჰაერო ფოტო-გადაღება, სადაც ჩანს სამხედრო ტექნიკის სადგომი ვორონეჟის მხარეში 

დონბასში მცირე ინტენსივობის დაპირისპირება მარტის ბოლოდან მიმდინარეობს, რა დროსაც ერთმანეთის პოზიციებზე შეტევას ახორციელებენ უკრაინის თავდაცვის ძალები და დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები. კიევის განცხადებით, სეპარატისტულ დაჯგუფებებს ფინანსური და სამხედრო კუთხით რუსეთის ფედერაცია ეხმარება.

პირველ აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ “რუსეთის ამჟამინდელი ესკალაცია არის სისტემური და უდიდესი, რაც ბოლო წლებში დაფიქსირებულა”.

თავის მხრივ, მოსკოვი უარყოფს, რომ მისი მხრიდან პროცესების რაიმე სახით ესკალაციას აქვს ადგილი. ოფიციალური პოზიციის მიხედვით, რუსეთი საკუთარ თავს კონფლიქტის მონაწილე მხარედაც არ განიხილავს და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირება უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებასა და დონეცკისა და ლუგანსკის ძალებს შორის ბრძოლად მიაჩნია.

მონტროს ხელშეკრულება და თურქეთის პოზიცია

შავ ზღვაში იმ ქვეყანათა გემების შემოსვლას, რომელთაც პირდაპირი გასასვლელი არ გააჩნიათ შავ ზღვაზე, არეგულირებს მონტროს კონვენცია, რომელიც 1936 წელს გაფორმდა და თურქეთს განსაკუთრებულ პრივილეგიას ანიჭებს, აკონტროლოს შავი ზღვის “კარიბჭეები” – ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები.

კონვენცია მშვიდობიანობის პერიოდში შავ ზღვაში შემოსვლის უფლებას აძლევს არსებითად ყველა ქვეყნის, ნებისმიერი მოცულობის სამგზავრო და სატვირთო გემებს.

კონვენციის თანახმად, შეზღუდვები არსებობს არა შავი ზღვის ქვეყნების სამხედრო გემებზე, რომლებიც ზღვაში შემოსვლის დროს ვალდებულნი არიან წინასწარ შეატყობინონ ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფოს, ხოლო ზღვა 21 დღის ვადაში დატოვონ. ასევე შეზღუდულია გემების მოცულობაც.

მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის ტექსტი მკაფიოდ არ კრძალავს შავ ზღვაში სამხედრო ავიამზიდების შემოსვლას, თანამედროვე ავიამზიდების მოცულობა აღემატება კონვენციით დადგენილი ტონაჟის მოცულობას [15, 000], რის გამოც უცხო ქვეყნების ავიამზიდები ვერ ახერხებენ შავ ზღვაში შემოსვლას.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში ამერიკული გემები შემოვიდოდნენ, მოსკოვმა თურქეთის მიმართულებით ფრენები პირველ ივნისამდე აკრძალა, ოფიციალურ მიზეზად კი კორონავირუსის გავრცელების რისკი დაასახელა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მანამდე განაცხადა, რომ მოუწოდებს ყველა ქვეყანას, მათ შორის თურქეთს, გააანალიზონ არსებული რეალობა და ხელი არ შეუწყონ “კიევის მილიტარისტული სენტიმენტების გაღვივებას”.


უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე მოვლენებისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მეტის გასაგებად გირჩევთ გაეცნოთ ნეტგაზეთის ინტერვიუს უკრაინის ყოფილ ელჩთან – ვალერი ჩეჩელაშვილთან.

ახალი ომის საფრთხე უკრაინაში | ინტერვიუ ვალერი ჩეჩელაშვილთან

მასალების გადაბეჭდვის წესი