ახალი ამბები

ოპოზიციამ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

15 აპრილი, 2021 •
ოპოზიციამ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ოპოზიციამ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. დღეს, 15 აპრილს ოპოზიციის ლიდერები თელავში ჩავიდნენ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით, შეხვედრების მიზანი ხალხის დარწმუნებაა, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების შესაცვლელად გაერთიანებაა საჭირო.

“ჩვენ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი პარტიული კუთვნილება და უნდა ჩავერთოთ იმ დიდ პროცესში, რომელიც ამ ქვეყანას გაათავისუფლებს ივანიშვილისგან და იმ გაჭირვებისგან, რაშიც დღეს ჩააგდო. ამიტომ დღევანდელი ჩვენი ჩასვლა თელავში სწორედ ამას ემსახურება. დღეს ჩავალთ თელავში, ხვალ- ბათუმში, ზეგ- გორში… ასე მოვივლით მთელ საქართველოს და თითოეულ ადამიანს, ვისაც კიდევ დარწმუნება სჭირდება. ვეტყვით, რომ მნიშვნელოვანია ყველას ერთად დგომა. დღეს ყველა ოპოზიციური პარტია დგას ერთად, თითოეული ადამიანი უნდა დადგეს ერთად, რომ გავათავისუფლოთ ქვეყანა”, — განუცხადა “მთავარ არხს” გიორგი ბოტკოველმა.

“ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრი გიგი უგულავა კი ამბობს, რომ 15 მაისს დაანონსებულ ოპოზიციის მასშტაბურ აქციაზე შესაძლებელია, ყველა ადამიანი თავის ბრაზის გამოსახატად გაერთიანდეს.

“უამრავი გაბრაზებული ადამიანია, რომელიც ცალ-ცალკე აპროტესტებს და თავის ბრაზს გამოხატავს. 15 მაისი არის შესაძლებლობა, რომ გაერთიანდეს ყველა. ოღონდ იმისთვის კი არა, რომ მაინცდამაინც ეს პარტია უყვარდეს ან არ უყვარდეს და ა.შ. ამაზე არაა საქმე. თუ ჩვენი ბრაზი არ გავაერთიანეთ და ხელისუფლებამ არ დაინახა, რომ ასე ვერ გაგრძელდება, რომ ჩვენ მოვდივართ იმისათვის, რომ  შევცალოთ და ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლებაც და მოვალეობაც, ამის გარეშე არ გამოვა. ამიტომ ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით, პირველ რიგში, მოვუსმენთ ჩვენს ამომრჩევლებს და იმაზე მოვახდენთ ფოკუსირებას, რაც მათთვის არის პირველადი”, — განუცხადა “მთავარ არხს” უგულავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი