ახალი ამბებიკომენტარი

გახარიას 2 სცენარი – ინტერვიუ იაგო კაჭკაჭიშვილთან

14 აპრილი, 2021 • 5007
გახარიას 2 სცენარი – ინტერვიუ იაგო კაჭკაჭიშვილთან

პარლამენტში ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის ექვსმა წევრმა “ქართული ოცნება” დატოვა. ისინი ამბობენ, რომ გიორგი გახარიასთან ერთად ახალი პარტიის შექმნას იწყებენ. რა პერსპექტივა აქვს გახარიას პოლიტიკურ ძალას. “ნეტგაზეთი” სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა. 


— პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდის ექვსმა წევრმა “ქართული ოცნება” დატოვა და გამორიცხული არაა, მათი რიგები კიდევ გაიზარდოს. შესაბამისად, ჯერ არშექმნილ პარტიას უკვე აქვს საპარლამენტო პლატფორმა. თქვენი აზრით, რას შეცვლის გახარიას ახალი ძალა არსებულ პოლიტიკურ სურათში და დღის წესრიგში?

— ძალიან გამიჭირდება ახლა ამაზე საუბარი, ვინაიდან გახარიას მოღვაწეობა “ქართული ოცნების” გარეთ არ გვინახავს. ვიცით მხოლოდ ზოგადი განცხადება, რომ ის რჩება პოლიტიკაში. კონკრეტულად როგორი იქნება მისი პოლიტიკური პოზიციონირება, ამის თაობაზე მხოლოდ შეგვიძლია ვიმარჩიელოთ. არანაირი დასაყრდენი  დასკვნების გასაკეთებლად არ გვაქვს. თუმცა გახარიას მოსვლა პოლიტიკაში ორი სცენარით შეიძლება წარიმართოს: რეალური ოპოზიციის სცენარით და ფსევდოოპოზიციის სცენარით. ამ გადასახედიდან ორივე სცენარს აქვს არსებობის უფლება და ორივესთვის შეიძლება მოიძებნოს გარკვეული არგუმენტები. ცოტა უფრო წონიანად და რეალისტურად გამოიყურება გახარიას ფსევდოოპოზიციონერობის შესახებ სცენარი, ვინაიდან ჩვენ გვახსოვს ივანიშვილის განცხადება, რომ შეიქმნება ახალი ძალა, ნამდვილი ძალა, რომელმაც შესაძლოა, “ოცნება” გადაიყვანოს ოპოზიციაში და ის ყველანაირად შეუწყობს ხელს ამ ძალის ჩამოყალიბებას. გახარიას მოღვაწოება “ქართული ოცნების” გარეთ ძალიან ჰგავს და მიჰყვება ივანიშვილის დაპირებას. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ ეს იყოს ის დაანონსებული ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომელზეც თავად ივანიშვილი საუბრობდა.

არ გამოვრიცხავ, რომ ის მართლა დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად მოვიდეს, მაგრამ სანამ არ მოვისმენთ კონკრეტულ განცხადებებს და მეტიც, არ დავაკვირდებით გახარიას ქმედებებს, მის პოზიციას ან მის დამოკიდებულებას ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პრობლემებისადმი, ანუ სანამ პოლიტიკური მასალა არ გვექნება,  რთულია გარკვეულად ვილაპარაკოთ.

— რა იქნება ის ლაკმუსის ტესტი, რომელმაც უნდა დაგვარწმუნოს, რომ გიორგი გახარია არ არის ფსევდოოპოზიცია?

— ასეთი ლაკმუსის ტესტი, რასაკვირველია, ყველაზე მეტად იქნება მისი დამოკიდებულება “ქართული ოცნებისადმი” — იქნება ის “ქართულ ოცნებასთან” მწვავე დაპირისპირებაში, იქნება ლოიალური, იქნება მწვავე დაპირისპირებაში არა არსებით საკითხებთან, მაგრამ არსებით საკითხებზე კვერს დაუკრავს, კრიტიკულ საკითხებში დაიკავებს  პროსახელისუფლებო პოზიციას თუ მის საპირისპიროს, ეს იქნება ლაკმუსის ქაღალდი.

— გახარიას გუნდის წევრებმა დღეს უკვე გააკეთეს პირველი განცხადებები კრიტიკულ საკითხებზე — თქვეს, რომ 20 ივნისს კონსტიტუციური ორგანოს შეტევისგან დაცვა სწორი იყო; ნიკა მელია და გიორგი რურუა არ არიან პოლიტპატიმრები; ხოლო ვადამდელ არჩევნებზე ცალსახა პოზიცია არ დაუფიქსირებიათ…

— მაშასადამე, ყველა ამ ნაწილში, რომელიც ამ ეტაპზე არის კრიტიკული ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან მიმართებით, გახარიას და მისი ჯგუფის პოზიცია აღმოჩნდა “ქართული ოცნების” მხარეს. ამ ნაწილში მას არ ეტყობა ოპოზიციონერობა და ასე თუ გააგრძელებს, მაშინ იქნება “ქართული ოცნების” დამატება. თუმცა გიორგი გახარია პოლიტიკიდან წავიდა “ქართული ოცნებისსთვის” არალოიალური განცხადებით, ამიტომაც გაჩნდა ეჭვი, მართლაც ხომ არ მიდის ოპოზიციაში. ჯერ უნდა დავაკვირდეთ გახარიას და მისი გუნდის ყველა მოქმედებას.

— პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ გახარიას პარტიის შექმნის გამო უფრო ოპოზიციამ უნდა ინერვიულოს, ვიდრე ხელისუფლებამ. თქვენი აზრით, გახარია “ქართულ ოცნებას” გაუყოფს ელექტორატს თუ ოპოზიციას?

— რასაკვირველია, “ქართულ ოცნებას” უფრო მეტად წაართმევს ხმას, იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩველისთვის გახარია და “ქართული ოცნება” ერთია და ერთი იქნება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში, რაც არ უნდა მწვავე განცხადებები აკეთოს გიორგ გახარიამ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ. ამიტომ ენმ-ის ამორმჩეველთა ხმების გადმობირებას გახარია ვერ შეძლებს.

ასევე, გახარიას პარტიას შეუძლია, ანკესი გადააგდოს ჩამოუყალიბებელ ამომრჩევლებში და იქ მოინადიროს მნიშვნელოვანი ნაწილის გული. ეს პერსპექტივა არის — ერთი მხრივ, “ქართული ოცნების” ამორმჩეველი, მეორე მხრივ კი, გადაუწყვეტელი და ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი.

— ენმ-ს თავის მყარი ელექტორატი ჰყავს, დანარჩენი ოპოზიციის ელექტორატის მიმხრობის შანსი რამდენად აქვს გახარიას?

— ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ოპოზიციური სხეული ექნება გახარიას პარტიას. იქნება თუ არა ის ობიექტურად ოპოზიცია. თუ იქნება, მაშინ მოსალოდნელია, და თუ არ იქნება, მაშინ ამას ვერ შეძლებს.

– IRI-ის ბოლო კვლევის თანახმად (რომელიც 2-26 თებერვლის პერიოდში ჩატარდა, გახარია კი 18 თებერვალს გადადგა), პოლიტიკოსებს შორის პერსონალურ რეიტინგში გიორგი გახარია (65%) ლიდერობს.  რამდენად კონვერტირებადია ეს რეიტინგი ამომრჩეველთა ხმებში? ასევე, მისი, როგორც “ქართული ოცნების” პრემიერის და დამოუკიდებელი პოლიტიკოსის რეიტინგი არის კი ერთი და იგივე?

— მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნებიდან” წავიდა, გიორგი გახარიას რეიტინგი აუცილებლად დაიწევდა. “ლაიქების” დიდი რაოდენობა სოციალურ ქსელში რეიტინგის განსაზღვრისთვის არსებითი წყარო არ არის, ასეთ დროს ეს უფრო მუყაოს აალების ეფექტია. ჩვენ უნდა დაველოდოთ ახალ კვლევებს. არ გამოვრიცხავ, ახლაც მაღალი იყოს გახარიას რეიტინგი იმიტომ, რომ მიუხედავად “ქართულ ოცნებაში” ყოფნისა, რაღაცნაირად ინარჩუნებდა შედარებით თვითმყოფადი და ავტონომიური პოლიტიკოსის იმიჯს. შეეძლო შეკითხვებზე ეპასუხა, შეეძლო ყოფილიყო თანმიმდევრული თავის პოზიციაში და ა.შ. ამასთან, როგორც ჩანს, აქვს გარკვეული ქარიზმა და მიმზიდველობა, რომელიც ამომრჩევლებმა შეამჩნიეს. მაგრამ აქ აუციელბლად უნდა გავითვალსიწინოთ ის ფაქტორი, რომ რომელიმე პოლიტიკოსის მოწონება ავტომატურად არ კონვერტირდება საარჩევნო ხმებში. ეს უამრავჯერ ვნახეთ, თუნდაც უკვე ანეკდოტად ქცეული დავით ბაქრაძის რეიტინგის სახით. პიროვნული ხიბლიდან პოლიტიკური არჩევანის გაკეთებამდე არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მანძილი, რომელიც ამომრჩეველმა უნდა გაიაროს. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, გახარია კვლავ ლიდერთა შორის იქნება მოწონების თვალსაზრისით, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს მისი პარტიის მაღალ რეიტინგს. პარტიულ მხარდაჭერას სჭირდება დამატებითი აქტივები, რომელიც გახარიას მოსაპოვებელი აქვს.

— უკვე გამოიკვეთა გახარიას გუნდის ძირითადი მესიჯბოქსი — რადიკალიზაციის დასრულება და საქმეზე ორიენტირება ეკონომიკური პრობლემების, კოვიდის ეფექტური მართვის და ყველა იმ მიმართულებით, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პრობლემები სახეზე იყო გახარიას მმართველობის პერიოდშიც, რამდენად იმუშავებს აღნიშნული მესიჯბოქსი და რამდენად არის ყოფილი პრემიერი ის ფიგურა, რომელმაც შეიძლება რადიკალიზაცია დაასრულოს?

— ეს მესიჯბოქსი, პრინციპში, იმუშავებს — მოწონებული და გაზიარებული იქნება ამომრჩევლის მიერ, მაგრამ ერთია, რომ რაღაც მესიჯბოქსი მოგწონს და მეორეა ის სოციალური და პოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც ცხოვრობ და რომელშიც რეალური პოლიტიკა მიედინება. დღეს ფაქტია, რომ საქართველოში არსებობს პოლიტიკური კრიზისი. ეს ბევრი მიმართულებით აფერხებს ქვეყნის განვითარებას, რაც ცუდია, მაგრამ ეს არის რეალობა. ამ სოციო-პოლიტიკურ კონტექსტს გვერდს ვერავინ აუვლის. ამ კონტექსტში უნდა ჩაეწეროს და გამოხატოს თავისი მკვეთრი პოზიცია. ამიტომ, მას აუცილებლად მოუწევს პასუხების გაცემა არჩევნების სამართლიანად ჩატარების თაობაზე, პოზიციის გამოხატვა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. გახარიამ რომ არ დააფიქსიროს ამ საკითხებზე პოზიცია და უბრალოდ ისაუბროს რადიკალიზაციის დასრულების მნიშვნელობაზე, ეს იქნება ცარიელი განცხადება. თუ რადიკალიზაციის დასრულება არის სასურველი მიზანი, სწორედ ახლა არსებული პრობლემების რამენაირად გადაწყვეტის გზით უნდა იქნას მიღწეული. ის, რომ მტკივნეულ საკითხებზე პოზიცია არ გამოთქვა და მხოლოდ ცარიელი განცხადება გააკეთო, არაფრის მომტანი არ იქნება. თანაც, ისე ნუ წარმოვიდგენთ, თითქოს ეკონომიკური პრობლემებზე საუბარი შესაძლებელია პოლიტიკური სტაბილიზაციის გარეშე. პოლიტიკური სტაბილიზაცია და პოლიტიკურ აქტორებს შორის თანამშრომლობა, ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბევრი, მათ შორის, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა გადაწყდეს ქვეყანაში. ეს პრობლემები დარჩეს მწვავედ და ვიღაცამ დამოუკიდებლად აკეთოს, მაგალითად, ეკონომიკური პოლიტიკა, ილუზიაა.

პარლამენტში გახარიას გუნდის წევრებმა ‘ოცნება” დატოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი