ახალი ამბები

იქმნება მოძრაობა “ალტერნატივა”, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

14 აპრილი, 2021 •
იქმნება მოძრაობა “ალტერნატივა”, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ახალ სამოქალაქო მოძრაობას ქმნიან, რომლის სახელწოდება “ალტერნატივა” იქნება. გუშინ, 13 აპრილს, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში თქვეს, რომ მათი მიზანი პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენაა. გარდა ამისა, ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ მოძრაობას, რომელიც მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება.

“ეს არ არის ჩვენი პატარა წრის გადაწყვეტილება [მოძრაობის დაფუძნება], ეს არის ხალხის გამოძახილი, რაზეც რეაგირება გვქონდა. უხეშად რომ ვთქვათ, როცა იქმნება მოთხოვნა, შენ მიწოდება უნდა უზრუნველყო. მოთხოვნა ამ წუთას არის, რომ დაუსრულებელი ციკლი, როდესაც ერთი და იგივე სახეები სხვადასხვა ფორმით არიან პოლიტიკაში, სხვადასხვა პარტიის სახელით, სხვადასხვა პერიოდით იღებენ მართვის სადავეებს და შემდეგ გადადიან ოპოზიციაში ან დაბრუნების სურვილი აქვთ, ამ ყველაფერს აქვს გონივრული ვადა, ანუ როდესაც ეს უნდა დასრულდეს.

იმიტომ, რომ ჩვენი გადასახედიდან, შეუძლებელია საქართველოში 30 წელი 200-300 ადამიანი აკეთებდეს პოლიტიკას მაშინ, როცა მამაჩემის, ჩემი თაობა და ჩემი შვილის თაობა ერთი და იგივეს ვუყურებთ”, — აცხადებს მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი ალექსანდრე პაიკიძე.

როგორც ალექსანდრე გიორგიძემ ნეტგაზეთს უთხრა, “ალტერნატივა” პოლიტიკურ პარტიად უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდება და თვითმართველობის არჩევნებშიც აპირებენ მონაწილეობის მიღებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი