ახალი ამბები

არ შევუშვებთ და გამოვუშვებთ “ენკას” მანქანებს, მაგრამ მოსახლეობას ხელი არ შეეშლება – გოლეთიანი

13 აპრილი, 2021 •
არ შევუშვებთ და გამოვუშვებთ “ენკას” მანქანებს, მაგრამ მოსახლეობას ხელი არ შეეშლება – გოლეთიანი

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ სოფელ გუმათში საავტომობილო გზა ინვესტორი კომპანია „ენკას“ მანქანებს გადაუკეტეს და მოსახლეობას ხელი არ შეეშლება.

“როდესაც ვერ მივიღეთ დღეს განმარტებები, რა კანონის საფუძველზე მოხდა ჩვენი აყრა ნამახვანიდან, გადმოვინაცვლეთ ხეობის იმ ნაწილში, სადაც შეგვიძლია გავაკონტროლოთ კომპანიის[“ენკას”] მანქანების შესვლა-გამოსვლა. ჩვენ არ შევუშვებთ და გამოვუშვებთ აქ კომპანიის მანქანებს, მაგრამ მოსახლეობას ხელი არ შეეშლება”, — განუცხადა “ფორმულას” ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე „რიონის ხეობის მცველებმა“ სოფელ გუმათში საავტომობილო გზა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს.

ამ წუთებში ისინი იმყოფებიან გუმათის დასახლებასთან, სადაც ასევე მდებარეობს ინვესტორი კომპანია „ენკას“ ტექნიკური ბაზა.

დემონსტრანტები მოითხოვენ, პოლიციამ მოხსნას გუმათჰესთან აღმართული ბლოკპოსტი და მისცეს მათ გადაადგილების უფლება სოფელი ნამოხვანისკენ, სადაც თვეების განმავლობაში ჰქონდათ აღმართული კარვები.

პოლიციის უფროსმა „რიონის ხეობის მცველებს“ განუცხადა, რომ „გონივრულ ვადას“ აძლევს გზის გასახსნელად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „პროპორციული ძალის გამოყენებით“ დაიმუქრა.

გზა დემონსტანტებმა 11 აპრილსაც გადაკეტეს გუმათჰესთან. თუმცა, როგორც დემონსტრაციის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, იმ ადგილას გზის დაკეტვით ნამოხვანისკენ შემოვლითი გზის გამოყენების შესაძლებლობა კვლავ არსებობდა, ამჟამად კი ეს შესაძლებლობაც არ დატოვეს და, შესაბამისად, ვერც კომპანიის ტექნიკა და ვერც სხვა ავტომობილები ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე ვერ გადაადგილდებიან. დემონსტრტანტების თქმით, გზაზე მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას გაუშვებენ.

11 აპრილს, გზის გადაკეტვის შემდეგ, პოლიციამ მათ ასევე მიმართა, გზა გაეხნსათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ „პროპორციული ზომის გამოყენებით“ დაემუქრნენ, თუმცა ამაზე პასუხად ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ თუ პოლიცია ძალას გამოიყენებდა, ისინი ხელაწეულები შეხვდებოდნენ.

იმ ღამით პოლიციასთან დაპირისპირება არ მომხდარა.


პოლიციას უკვე 2 კვირაზე მეტია, გუმათჰესთან ბლოკპოსტი აქვს აღმართული და გადაადგილებას ზღუდავს, ხოლო რამდენიმე დღეა, „რიონის ხეობის მცველებს“ საერთოდ აღარ უშვებს სოფელ ნამოხვანამდე, სადაც მათ პროტესტის გაგრძელება სურთ.

უფლებადამცველი ორგანიზაციებით შეფასებით, პოლიციის ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. წინა დღით 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ სოლიდარობა გამოუცხადა აქციის მონაწილეებს.

ორგანიზაციების განცხადებით, სახელმწიფო უხეშად არღვევს დემონსტრანტების მიმართ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას.

13 არასამთავრობო ორგანიზაცია სოფელ გუმათთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს

მასალების გადაბეჭდვის წესი