ნეტგაზეთი | მოსამართლემ მელიას საქმეზე კობახიძის დაკითხვა საჭიროდ არ ჩათვალა მოსამართლემ მელიას საქმეზე კობახიძის დაკითხვა საჭიროდ არ ჩათვალა – Netgazeti
RU | GE  

მოსამართლემ მელიას საქმეზე კობახიძის დაკითხვა საჭიროდ არ ჩათვალა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მის საქმეზე სასამართლოში “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი ივანე გულაშვილი უნდა დაიკითხონ. ამის შესახებ მან დღეს, 13 აპრილს, მის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

კობახიძის და გულაშვილის დაკითხვის შუამდგომლობა მელიას ადვოკატებმა დააყეენეს. თუმცა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა კობახიძის დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, მოსამართლეს რეალური მტკიცებულებები არ აინტერესებს.

როგორც მელიამ განაცხადა, ამ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობით ბევრი ადამიანისთვის გასაგები გახდება, რას ემსახურება რეალურად მოსამართლე.

“სულ არ არის საჭირო სამართლებრივი და იურიდიული განსწავლულობა და მოსამართლეობა, რომ უსიტყვოდ უნდა დაკმაყოფილდეს ეს შუამდგომლობა. იმიტომ, რომ საუბარი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ საკვანძო თანამშრომელზე, რომელმაც თქვა, რომ შს მინისტრის მოადგილე მავალებდა, ვაყალბებდი იმ საქმის ფარგლებში მტკიცებულებებს, რომლის ფარგლებშიც მე აქ მომათავსეს. როგორ შეიძლება თქვენ, მოსამართლეს, საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა გინდოდეთ და ამ ადამიანის სასამართლოს წესით დაკითხვის სურვილი არ გაგიჩნდეთ? აქ ორჯერ ორი ოთხი ფორმულა მუშაობს[…]

მეორე, ბატონი კობახიძე — პოლიტიკური ხელისუფლების, ნომინალურად პარტიის თავმჯდომარე, ამბობს, რომ სანამ თქვენ აქ იმსჯელებდით ჩემს დატყვევებაზე 17 თებერვალს, სანამ თქვენ აქ საუბრობდით, იმ ადამიანებს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ. სანამ თქვენ ჩემს უკანონო დაპატიმრებაზე გამოიტანდით განჩინებას, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება გამოტანილი ჰქონდა, რომ ციხეში უნდა წავსულიყავი. აღიარა თუ არა ეს სიამაყით კობახიძემ? — აღიარა. თქვენ თქვენს რეპუტაციაზეც ხომ უნდა იფიქროთ? ხელისუფლება აუცილელად შეიცვლება, ცოტა მომავლის გადმოსახედიდანაც ხომ უნდა იმსჯელოთ.

ამიტომ, როცა პოლიტიკურიმა ხელმძღვანელმა კობახიძემ აღიარა, რომ გახარია ცუდი კაციაო, შეთანხმებულები ვიყავით, რომ მელია უნდა დაგვეჭირაო და ბოლოს გადათქვაო და თქვენ განჩინება არ გქონდათ გამოტანილი. ამიტომ, კობახიძე რომ მოწმის სახით არ დაიბაროთ და არ დაკითხოთ, ეს ხომ თქვენს რეპუტაციას შელახავს? ამ საქმეზე ხომ ჭეშმარიტება დადგინდება? ამ ადამიანმა აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, რომ მელია უნდა დაგვეჭირაო და ბოლოს გადათქვაო, თქვენ კიდევ განჩინება არ გქონდათ გამოტანილი”, – განაცხადა მელიამ.

სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი ივანე გულაშვილი ჰყვება, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს შს მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის, კახაბერს საბანაძის დავალებით დააზიანა აქციის ლიდერების მონიტორი, საიდანაც ოპოზიციონერები მოსახლეობას მიმართავდნენ, ამასთან, სხვა ოპერმუშაკებთან ერთად წაშალა პარლამენტის შიდა და გარე პერიმეტრის კამერების ჩანაწერები, კონდახაშვილი გვპასუხობს, რომ საუბარი მხოლოდ საბანაძეზე არაა.

დაცვის მხარე ასევე ითხოვდა, რომ მტკიცებულებად დაეშვათ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაც, რომელიც მან რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა. კერძოდ, კობახიძის თანახმად, “ოცნების” ლიდერები მელიას დაკავების ოპერაციაზე ჯერ კიდევ იმ დროს მსჯელობდნენ, როდესაც მოსამართლეს გადაწყვეტილება გამოცხადებული არ ჰქონდა. მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მელიას საკითხზე გახარიას პოზიცია 17 თებერვლის 17 საათიდან შეიცვალა – კობახიძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი