რუსეთის ხელისუფლებამ თურქეთთან ავიამიმოსვლის მნიშვნელოვნად შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო. 15 აპრილიდან პირველ ივნისამდე შეჩერდება თითქმის ყველა რეგულარული რეისი.
მოსკოვსა და სტამბულს შორის კვირაში მხოლოდ 2 რეისი შესრულდება, რაც ტრანზიტული მგზავრებისთვისაც კი არ შეიძლება იყოს საკმარისი. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღეს, რადგან თურქეთში ყოველდღიურად გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 55 ათასს აღწევს. გარდა ამისა, რუსეთში უცხოეთიდან იმპორტირებული ვირუსის შემთხვევების 80% თურქეთზე მოდის.
როგორც “მედუზა” იტყობინება, 15 აპრილიდან პირველ ივნისამდე პერიოდში თურქეთში ნახევარ მილიონამდე ადამიანს ჰქონდა მოგზაურობა დაგეგმილი, დაწესებული შეზღდუვები კი მნიშვნელოვან პრობლემას შექმნის როგორც დამსვენებლებისთვის, ასევე რუსული ტუროპერატორებისა და ავიაკომპანიებისთვის. მაისში რუსეთში არდადეგებია, რის გამოც ათასობით ადამიანი ცდილობს დასვენებას, მათ შორის, საზაფხულო კურორტებზე, უმრავლესობისთვის კი თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტია.
პრობლემა შეიძლება შეექმნას თურქეთის ტურიზმის სექტორს, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსი ტურისტების ნაკადზე.