დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ ჩინური წარმოების ვაქცინები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ვერ მიიღებს, იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს, რა ბედი ეწევა საქართველოს მიერ შეძენილ ჩინურ ვაქცინებს.
საქართველოს ჩინეთის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმის“ 100 000 დოზა აქვს შეძენილი. იმავე რაოდენობის “სინოვაკის” ვაქცინას საქართველო ჩინეთის მთავრობისგან საჩუქრად მიიღებს.
გამყრელიძემ განმარტება გააკეთა საერთაშორისო პრესაში გასულ ინფორმაციაზე ჩინური წარმოების ვაქცინების დაბალეფექტურობასთან დაკავშირებით.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსის არსებული ვაქცინების ეფექტიანობა დაბალია და გაუმჯობესებას საჭიროებს.
მას შემდეგ, რაც ჩინეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის განცხადება საერთაშორისო მედიაში გაშუქდა ისე, რომ ჩინეთმა აღიარა თავისივე წარმოებული ვაქცინების არაეფექტიანობა, გაო ფუმ განმარტა, რომ საუბრობდა ზოგადად ვაქცინების ხარისხზე მსოფლიოში და არა საკუთრივ ჩინეთში.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეფექტურობასთან დაკავშირებით კითხვები ეხებოდა “სინოვაკს” და არა “სინოფარმს”. მისი თქმით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადება არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და საჭიროა მოსახლეობის დამშვიდება.
მისი თქმით, საუბარი შეეხებოდა მეორე ან მესამე “ბუსტერული დოზით” სხვადასხვა ტიპის ვაქცინის ეფექტურობის გაზრდას.
“ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა განაცხადა, რომ ყველა დღევანდელი ვაქცინა გამოიყენება გადაუდებელი მდგომაროებების დროს. მათი დაცვის ეფექტურობა სხვადასხვაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია როდესაც აძლევს გადაუდებელი მოხმარების ნებართვას, მას აქვს 50%-იანი ზღვარი დადებული. თუ ვაქცინას 50%-ზე მეტი ეფექტურობა აქვს, მისი დაშვება ბაზარზე შესაძლებელია, იმიტომ, რომ ის იცავს ყველა მეორე ადამიანს. ყველა ვაქცინას, რომელიც გამოიყენება მსოფლიო ბაზარზე, აქვს ძალიან მაღალი დაცვის ეფექტი კოვიდის მიერ გამოწვეულ გართულებებზე და განსაკუთრებით სიკვდილიანობაზე. ანუ ისინი რადიკალურად, თითქმის 100%-იანად ამცირებენ სიკვდილიანობას და ავადმყოფების ალბათობას, მოხვდნენ საავადმყოფოებში. ეს არის დღეს კოვიდის ვაქცინების მთავარი დანიშნულება”, —განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, “სინოფარმის” ეფექტურობა მერყეობს 69%-დან 86%-ის ფარგლებში, ხოლო “სინოვაკმა”, რომელმაც ბრაზილიაში დაახლოებით 51%-იანი ეფექტურობა აჩვენა, ჩინეთში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამსხვავებული — 70%-მდე ეფექტურობა აჩვენა.
გამყრელიძემ კოვიდის ვაქცინები შეადარა გრიპის ვაქცინებს, რომელთა დაცვის ეფექტი 60-დან 80%-ის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ დაინფიცირების შემთხვევაშიც დაავადებულს ინფექცია იოლად გადააქვს და დაცულია ფატალური გამოსავლისგან.
“სწორედ ამ ტიპის ვაქცინაა კოვიდის ვაქცინა. კოვიდის არცერთი ვაქცინა ასი პროცენტით დაინფიციებისგან არ იცავს, მაგრამ მათი ძირითადი დანიშნულებაა, დაიცვან ადამიანი ფატალური გამოსავლისგან”, — დასძინა გამყრელიძემ.
ამ თემაზე:
როგორ დავრეგისტრირდეთ კორონავირუსის ვაქცინაზე — დეტალური ინსტრუქცია