კორონავირუსის გავრცელების მოტივით დაწესებული კარანტინი, რომელიც ქართულმა მხარემ მხოლოდ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლელი ადამიანებისთვის დატოვა ძალაში, ამ დროდე არ გაუქმებულა.
შესაბამისად, კარანტინის თავიდან არიდების მიზნით, გალის მოსახლეობა გარკვეულ შემთხვევებში შემოვლითი გზებით – მდინარე ენგურით ხვდება ქართულ მხარეს.
ჯანდაცვის სამინისტროში ნეტგაზეთს დღეს, 12 აპრილს განუცხადეს, რომ საკოორდინაციო საბჭო ჯერ არ შეკრებილა და, შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე გადმომსვლელ პირთათვის სავალდებულო ხუთდღიანი კარანტინის მოხსნაზე გადაწყვეტილება რისკების შეფასების საფუძველზე მიიღება.
მისი თქმით, ამ დროისთვის რისკების შეფასება მიმდინარეობს.
“ყველაფერი ხორციელდება რისკების შეფასების საფუძველზე. თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ იგივე რეჟიმი ხორციელდებოდა ქვემო ქართლის რეგიონში, როდესაც იქ ეპიდსიტუაცია იყო უფრო მძიმე, ვიდრე ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე. იგივე რეჟიმი ხორციელდებოდა შარშან ზაფხულში სვანეთში, როდესაც სვანეთში სიტუაცია განსხვავდებოდა და იქიდან გამოსვლაზე დაწესებული იყო კარანტინი, არა მინიმალური ხუთდღიანი, არამედ მეტი. ახლა მიმდინარეობს რისკების შეფასება, იმისდა მიხედვით მიიღება გადაწყვეტილებები. ტერიტორიებს შორის არის განსხვავებული რისკები”, — განაცხადა პაატა იმნაძემ.
7 აპრილს მდინარე ენგურში ოთხი ადამიანის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით გალელები და კონფლიქტების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები და ორგანიზაციები ქართულ მხარეს ადანაშაულებენ – რომ არა 5-დღიანი კარანტინი, რომელიც ქართულმა მხარემ დაუწესა გალის მოსახლეობას, ადამიანები გადაადგილებისთვის ისარგებლებდნენ ენგურზე გამშვები პუნქტით.
7 აპრილის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ყველა სახელმწიფო უწყებამ რუსეთს და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას დააკისრა, რომელიც ზღუდავს ენგურის გამშვები პუნქტით გადაადგილებას. რაც შეეხება ენგურზე ერთადერთ გამშვებ პუნქტს, მისით სარგებლობა, აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით, მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ჯგუფებს [მათ შორის პენსიონერებს, შშმ პირებს, პაციენტებს] შეუძლიათ, თუმცა, ადგილობრივებისა და კონფლიქტების საკითხებზე მომუშავე ექსპერტების განმარტებით, აფხაზი და რუსი მესაზღვრეებისთვის ქრთამის [დაახლოებით, 3000 რუსული რუბლი – 120 ლარი] მიცემის შემთხვევაში, ნებისმიერს შეუძლია პუნქტი გადაკვეთოს, თუმცა გალელები დროის დაზოგვის მიზნით ქართული მხარის მიერ დაწესებულ 5-დღიან კარანტინს თავიდან ირიდებენ და შემოვლითი გზებით სარგებლობენ.
ენგურზე მომხდარი ტრაგედია კარანტინს უკავშირდება | რას ამბობენ გალელები და ექსპერტები