დე ფაქტო საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა გალში, მოქალაქის კუთვნილ შენობაში უცხოური წარმოების 1171 ერთეული სამკურნალო პრეპარატი აღმოაჩინეს, რომელთაც ქართულენოვანი მარკირება ჰქონდა და თან არ ახლდა სასაქონლო-სატრანსპორტო დოკუმენტები – წერს აფხაზური მედია დე ფაქტო უწყებაზე დაყრდნობით.

აფხაზური მხარის ცნობითვე, ასევე ამოღებულია 386 შპრიცი და ინტრავენური კათეტერი.

აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ინფორმაციით, ამოღებული საქონლის საერთო ღირებულება დაახლოებით 130 ათას რუბლს [დაახლოებით 1500 აშშ დოლარი] შეადგენს.

ადგილობრივი მედიის ცნობითვე, მასალები გადაეცა უწყების მოკვლევისა და საბაჟო გამოძიების განყოფილებას.