ახალი ამბები

ნამოხვანში კარვების ადგილი მოხნეს – ადგილობრივი

12 აპრილი, 2021 • 699
ნამოხვანში კარვების ადგილი მოხნეს – ადგილობრივი

ნამოხვანში, იმ ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივებს გუშინდელ დღემდე კარვები ჰქონდათ გაშლილი, მოხნულია. ამის ამსახველი კადრები ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ნუგო გოდოლაძემ ფეისბუქზე გაავრცელა. მისი თქმით, ტერიტორია პოლიციამ მოხნა.

გოდოლაძე ამბობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გუშინ დაშლილი კარვებიდან დარჩენილი ნივთების წასაღებად მოვიდნენ და ნახეს, რომ მიწა, საიდანაც პოლიციამ შინ გუკარვები აიღო, მოხნულია.

“ეს არის კარვების ადგილი და არის გადახნული მთლიანად, ისე, რომ ვერავინ დადგება, აქ რომ მოვიდეს. იმისათვის, რომ ხალხი ვერ ამოვიდეს და ვერ დადგეს. გადახნა მთლიანად ეს ადგილები”, – ამბობს ვიდეოს ავტორი.

კადრებში ასევე ჩანს, რომ ტრაქტორი მუშაობას კვლავ აგრძელებს და ადგილზე პოლიციის წარმომადგენლებიც არიან.

აღნიშნული ტერიტორია ერთ-ერთ ადგილობრივს, ლალი ეფრემიძეს ეკუთვნის. ვიდეოკადრებში ასევე ჩანს მიწის მესაკუთვრე, ლალი ეფრემიძეც, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე 50- წლიანი ხეები იყო, რომელიც მოჭრილია.

“ნეტგაზეთი” დეტალების დასაზუსტებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებენ და პასუხს მოგვიანებით გვეტყვიან.


უკვე 170 დღეა, რაც მოქალაქეები რიონის ხეობაში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. თავდაპირველად მოქალაქეები სოფელ ნამოხვანში კარავში იმყოფებოდნენ და პერიოდულად მართავდნენ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს.

არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი თუ აქტივისტი ამბობს, რომ კომპანია „ენკას“ მიერ აშენებული ჰესი დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს, მათი ნაწილის შეფასებით კი, ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები უკანონოა. ამასთანავე, მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ ეს ჰესი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას წაადგება, „ნამახვანი ჰესის“ აშენების შემთხვევაში, ორგანიზაციები ამბობენ, რომ  ელექტროენერგიის ეს საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

თუმცა უკვე რამდენიმე დღეა, რაც პოლიციამ ნამოხვანთან გზა გადაკეტა, „რიონის ხეობის დამცველები“ კი გუმათთან მობილიზდნენ. მათ აქაც გაშალეს კარვები, რომელიც პოლიციამ 11 აპრილს აიღო. დღეს, 12 აპრილს იგეგმება კიდევ ერთი საპროტესტო აქცია ხეობაში, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ საპროტესტო ტალღა თბილისშიც გადმოინაცვლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი