ახალი ამბები

“წასვლა არ უკავშირდება პოლიტიკურ ზეწოლას” – ამერიკაში ემიგრირებული მოსამართლე

12 აპრილი, 2021 •
“წასვლა არ უკავშირდება პოლიტიკურ ზეწოლას” – ამერიკაში ემიგრირებული მოსამართლე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ყოფილი მოსამართლე მაია სვიანაძე, რომელიც აშშ-ში წავიდა და მოსამართლის თანამდებობა დატოვა, აცხადებს, რომ მისი წასვლა არც კონკრეტულ საქმეს და არც რაიმე სახის პოლიტიკურ ზეწოლას არ უკავშირდება.

სვიანაძის თქმით, მისთვის ოჯახი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი თანამდებობა, აშშ-ში კი მისი შვილი და შვილიშვილები ცხოვრობენ.

“მინდა გავაკეთო განცხადება ჩემი გადადგომის შესახებ, რადგან ეს გახდა საზოგადოების მანიპულირების საგანი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავ, რომ სასამართლო სისტემიდან წასვლა არ არის კონკრეტულ საქმესთან ან პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებული. მე მყავს ერთადერთი შვილი და ორი შვილიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწორედ ეს გახდა გადაწყვეტილების მიღების ძირითადი მიზეზი. რა თქმა უნდა, ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის ოჯახი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდერე ნებისმიერი თანამდებობა”,- ამბობს სვიანაძე.

მისი თქმით, რამდენიმე წელია აშშ-ში მუდმივი ბინადრობის სტატუსი აქვს და ბოლო წლების განმავლობაში გეგმავდა დროებით საცხოვრებლად გადასვლას ოჯახთან, რის შესახებაც ცნობილი იყო მისი კოლეგების უმრავლესობისთვის:

“მიუხედავათ იმისა, რომ გავაკეთე ოფიციალური განცხადება წასვლის მიზეზთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, მაინც მოხდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და არასწორი ინფორმაციის გავრცელება. ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობასში პატივი მქონდა ღირსეულად მემსახურა საქართველოს მოქალაქეებისთვის თბილისის საქალაქო და სხვა რაიონულ სასამართლოებში. ამ პერიოდში მომეცა საშუალება შევხვედროდი ძალიან ბევრ გონიერ მოსამართლეს, ადვოკატსა თუ სასამართლოს თანამშრომელს, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის ადმინისტრირებაში და იბრძვიან თავისუფალი, თანასწორი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემისათვის.

მე ვარ უაღრესად მადლიერი, რადგან მქონდა ასეთი განსაკუთრებული პრივილეგია და საშუალება მომეცა ჩემი წვლილი შემეტანა ქართული სასამართლოს განვითარებაში. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას და გისურვებთ წარმატებებს” ,- წერს სვიანაძე.

მოქმედმა მოსამართლემ შვებულება აიღო, წავიდა აშშ-ში და დარჩა – ჯანეზაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი