პოლიციის მაღალჩინოსანმა სულხან თამაზაშვილმა „რიონის ხეობის მცველებს“ განუცხადა, რომ თუკი დემონსტრანტები გუმათთან გადაკეტილ გზას არ გახსნიან, პოლიცია „პროპორციულ ზომას“ გამოიყენებს. ამას გარდა, მან იქ შეკრებილ აქტივისტებს პირობებზე დათანხმებისთვის ნახევარი საათი მისცა.
მას არ დაუზუსტებია, რა კონკრეტულ ზომას გამოიყენებდა პოლიცია. ხეობაში დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული.
თამაზაშვილმა, რომელიც იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსია, „რიონის ხეობის მცვლებთან“, მათ შორის დემონსტრაციის სპიკერ ვარლამ გოლეთიანთან საუბრისას მოითხოვა, რომ გადაკეტილი გზა გახსნან.
ამ მოთხოვნაზე დემონსტრანტებმა უარი განუცხადეს იმ არგუმენტით, რომ შეკრებილი რაოდენობის გათვალისწინებით, გზის გადაკეტვა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება.
ამასთან, როგორც ვარლამ გოლეთიანმა თქვა თამაზაშვილთან საუბარში, ავტომობილებს შემოვლითი გზით გადაადგილება მაინც შეუძლიათ.
„რიონის ხეობის მცველები“ პოლიციის მაღალჩინოსანს ასევე სთხოვდნენ ნებართვეს, დღეს, ხვალ ან ზეგ სოფელ ნამოხვნის მიმართულებით გადაადგილების თავისუფლების მიცემასთან დაკავშირებით, რაზეც თამაზაშვილმა ასევე უარი განაცხადა.
დემონსტრანტებმა გუმათთან გზა დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ გადაკეტეს. პოლიციამ ნამოხვანში დემონსტრანტების გაშლილი კარვები დაშალა, — პროტესტის ფონზე, — რაც შსს-მ მდინარე რიონის მოსალოდნელი ადიდებით ახსნა.
ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ აქცია გრძელდება, გზა კვლავ გადაკეტილი ექნებათ და მთელი ღამის განმავლობაში იქ დარჩენას აპირებენ. მათი მოთხოვნაა, პოლიციამ მისცეს ნამოხვანისკენ გადაადგილების თავისუფლება, რათა იქ გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი.