ახალი ამბები

დმანისის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს — შსს

10 აპრილი, 2021 • 900
დმანისის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს — შსს

გენერალური ინსპექციისა და საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მოქალაქის განზრახ უკანონოდ დაკავებას ედავებიან.

“გამოძიებით დადგინდა, რომ [ბრალდებულმა] ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით უზრუნველყო ერთ-ერთი მოქალაქის უკანონო დაკავება”, — ამბობს უწყება 10 აპრილის განცხადებაში.

გამოძიება სსკ-ის 147-ე და 332-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღესვე ეთერში გავიდა “მთავარი არხის” სიუჟეტი, რომელშიც ნათქვამია, რომ განზრახ დაკავებული მოქალაქე სასულიერო პირია და მან წინასწარ იცოდა ამ სცენარის შესახებ. ტელეარხის თანახმად, “სულიერი ძმები” მას ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ, რის გამოც “[შესაბამისი] ეპარქიის მმართველმა მეუფემ გადაწყვიტა, რომ სასულიერო პირი ვითარებას ციხეში უნდა გაცლოდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი