ახალი ამბები

ეგვიპტეში 3 000 წლის წინანდელი ქალაქის ნაშთებს მიაგნეს

9 აპრილი, 2021 • 1722
ეგვიპტეში 3 000 წლის წინანდელი ქალაქის ნაშთებს მიაგნეს

ეგვიპტეში, ლუქსორთან ახლოს, არქეოლოგებმა 3 000 წლის წინანდელი ქალაქის ნაშთებს მიაკვლიეს. მისიის წარმომადგენლებმა ეს ფაქტი შეაფასეს ყველაზე დიდ აღმოჩენად ტუტანხამონის საფლავის შემდეგ, რომელსაც არქეოლოგებმა დაახლოებით საუკუნის წინ მიაგნეს.

ცნობილმა ეგვიპტოლოგმა ზაჰი ჰავასმა ახლად აღმოჩენილ ქალაქს “დაკარგული ოქროს ქალაქი” უწოდა. არქეოლოგთა ჯგუფის განცხადებით, ის ამენჰოტეპ III-ის მმართველობის ხანას განეკუთვნება და ფარაონ ტუტანხამონის, ასევე, ეიეს ზეობის პერიოდშიც არსებობდა.

“მეორე უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ტუტანხამონის საფლავის შემდეგ”, — ასე აფასებს ხსენებულ მისიას ბეტსი ბრაიანი, ეგვიპტური ხელოვნებისა და არქეოლოგიის პროფესორი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში. მისიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ეს არის უდიდესი ქალაქი, რომელიც ეგვიპტის ტერიტორიაზე აქამდე აღმოუჩენიათ.

3 000 წლის წინანდელი ქალაქის ნაშთები. ფოტო: Zahi Hawass

3 000 წლის წინანდელი ქალაქის ნაშთები. ფოტო: Zahi Hawass

ხსენებული არქეოლოგიური გათხრები გასული წლის სექტემბერში ქალაქ ლუქსორთან ახლოს, რამზეს III-სა და ამენჰოტეპ III-ის ტაძრებს შორის მდებარე ტერიტორიაზე დაიწყო. რამდენიმე კვირის შემდეგ სპეციალისტებმა მიაკვლიეს ალიზის სტრუქტურებს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იშლებოდა. უფრო მოგვიანებით, არქეოლოგებმა მთელ რიგ უბნებს მიაგნეს.

ეგვიპტის ტურიზმის სამინისტროს ცნობით, ნაქალაქაქის სამხრეთ ნაწილში იპოვეს საცხობის ნაშთებიც, ღუმელებთან ერთად. ძველი ქალაქის ტერიტორიაზე მრავლადაა ბეჭდები, ფერადი ჭურჭელი და სხვა არტეფაქტები. ჯერ კიდევ ნაწილობრივ დაფარულია ნაქალაქარის მეორე ნაწილი, რომელიც საცხოვრებელი და ადმინისტრაციული უბნების ნაშთებს მოიცავს.

ისტორიკოსების თანახმად, ამენჰოტეპ III-ის დროს(ძვ.წ. XIV სკ.) ეგვიპტის საზღვრები მდინარე ევფრატიდან თანამედროვე სირიის, ერაყისა და სუდანის ტერიტორიამდე იყო გადაჭიმული. მისი მმართველობის ეპოქაში არაერთი გრანდიოზული ნაგებობა აშენდა.

ფარაონთა აღლუმი: მუმიების ადგილმონაცვლეობის საზეიმო ღონისძიება კაიროში

მასალების გადაბეჭდვის წესი