ახალი ამბები

მუხთარლის ბრალდება აბსურდია – კვირიკაშვილი

9 აპრილი, 2021 •
მუხთარლის ბრალდება აბსურდია – კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ბრალდებას, რომ 2017 წელს მის გატაცებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობამ, იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, აბსურდს უწოდებს.

კვირიკაშვილის ფიქრობს, რომ მუხთარლის მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთებით ვიღაც არის დაინტერესებული.

“მუხთარლის მხრიდან ისმის ეს ბრალდება. ეს არის სრული აბსურდი, აბსოლუტურად უსაფუძვლო. თუ ეს ბრალდება არის აბსურდი და მე ვიცი ზუსტად, რომ აბსურდია, არ ვიცი, რატომ უნდა დავიჯერო ნებისმიერი სხვა სიტყვა, რომელსაც ეს ადამიანი ამბობს. მგონია, რომ საერთოდ ვიღაც არის დაინტერესებული, რომ ადამიანმა ეს ილაპარაკოს. ალბათ, ამას დრო გამოაჩენს და გარკვეული დროის მერე, როცა ეს გამოჩნდება, ალბათ, მერე შემეძლება უფრო მეტი კომენტარის გაკეთება. მაგრამ დღეს შემიძლია ეს გითხრათ, რომ აბსურდია. მე ზუსტად ვიცი, რომ ეს აბსურდია და აქედან გამომდინარე მე არცერთი მისი სხვა სიტყვა არ მჯერა”, — განაცხადა კვირიკაშვილმა “მთავარ არხთან”.

მუხთარლის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, რომელმაც თქვა, რომ მუხთარლის გატაცების დეტალები საზოგადოებამ კარგად იცის და მათ შორის ისიც, ვინ იყო მაშინ საქართველოს მთავრობაში გადაწყვეტილების მიმღები და ქვეყნის პრემიერი.


აფგან მუხთარლი –  პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის მიერ დევნილი ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს.

მას რამდენიმე მუხლით წარუდგინეს ბრალი. ბრალდებებს შორის იყო საზღვრის უკანონო კვეთა და 10 000 ევროს უკანონოდ გადატანა. მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მუხთარლი თავიდანვე აცხადებდა, რომ გაიტაცეს და ბრალდებები მოგონილი იყო.

მუხთარლის დაკავებას საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლი საქართველოს ხელისუფლებას სდებდა ბრალს გატაცების ხელშეწყობაში. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აზერბაიჯანის ხელისუფლებას მის გათავისუფლებას სთხოვდნენ.

მუხთარლის საქმის შემდეგ, თბილისი თანდათანობით დატოვეს აზერბაიჯანელმა სამოქალაქო/პოლიტიკურმა აქტივისტებმა, რომლებიც ილჰამ ალიევის რეჟიმს აკრიტიკებდნენ.

აფგან მუხთარლის ცოლი, გამომძიებელი ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, რომელიც ბოლო წლებში ასევე თბილისში ცხოვრობდა, ქმრის გატაცების შემდეგ არსებული რისკების გამო მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გაემგზავრა. მუხთარლი მისი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ საცხოვრებლად ასევე გერმანიაში, ოჯახთან გაემგზავრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი